საყდრისის ტერიტორიაზე ოპოზიციური პარტიის წევრები RMG GOLD-ის ხელმძღვანელობას დაუპირისპირდნენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ RMG GOLD-ი ჯერ კიდევ სახელმწიფოს ტერიტორიაზე სამუშაოებს უკანონოდ აწარმოებს.
„ეს არის ის კომპანია, ვინც ააფეთქა 2015 წელს საყდრისი და ასობით მილიონი დოლარი იშოვა. აივსო მოთმინების ფიალა და გაუგონარი რამ მოახდინეს ბოლნისში, სადაც აღარ იცხოვრება, ახლა არის დმანისის გადარჩენის შანსი, ამისთვის შეიქმნა დმანისის გადარჩენის ფონდი, სადაც ყველა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიაა გაერთიანებული, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, საყდრისის დაცვის კომიტეტი და დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოება დადგება ამ ნათელ მხარეს“,-განაცხადა ნიკა მელიამ.
კომპანია RMG GOLD-ის დირექტორის მოადგილის, ამირან ქართველიშვილის განცხადებით, ტერიტორიაზე, სადაც სახელმწიფო აცხადებს აუქციონს, არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს.
„ტერიტორია, რომელზეც სახელმწიფო აცხადებს აუქციონს, ეს არ არის ჩვენი ტერიტორია, არანაირ საქმიანობას კომპანია არ ახორციელებს. დღეს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიების ცალკეული ჯგუფები ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას, მაგრამ ჩვენ შევძელით სიტუაციის მართვა, მივიყვანეთ აღნიშნულ ტერიტორიაზე, დავარწმუნეთ, ვაჩვენეთ, რომ ეს ტერიტორია ჩვენ საკუთრებაში არ არის, არანაირი ფორმალური საქმიანობა ამ ტერიტორიაზე არ ხორციელდება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ყველაფერს, ეს მათი დღის წესრიგია“,-განაცხადა ქართველიშვილმა.
კომენტარები