საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, დროულად გამოიძიონ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებზე 19 მარტს მომხდარი თავდასხმის ფაქტი, რისი მიზეზიც გახდა 18 მარტს გადაცემა P.S.-ში წამყვანის, გიორგი გაბუნიას ტექსტი.
როგორც ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ინციდენტის ამსახველი გავრცლებული ვიდეომასალებიდან იკვეთება არა მხოლოდ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, არამედ იძულების, ძალადობის და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულების ნიშნები.
“მნიშვნელოვანია სამართალდამცავებმა მომხდარს მისცენ სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, გამოიძიონ ოპერატიულად და ეფექტურად, რათა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც მედიაზე იძალადეს.
არ შეიძლება ჟურნალისტური პროდუქტი გახდეს ჟურნალისტებზე ანგარიშსწორების მიზეზი, იმის მიუხედავად, აკმაყოფილებს თუ არა ის პროფესიულ სტანდარტებს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პროფესიული საქმიანობა იყოს დაცული და ყველა მოქალაქე თავს გრძნობდეს უსაფრთხოდ. ჟურნალისტურ სტანდარტებზე სამსჯელოდ არსებობს თვითრეგულირების მექანიზმები, მათ შორის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. სწორედ ეს პლატფორმებია ყველაზე ეფექტური ჟურნალისტის პროფესიული და ეთიკური გადაწყვეტილებების შესაფასებლად”- წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, “ქართულმა მარშმა” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საპროტესტო აქცია გამართა. ტელეკომპანიის შენობასთან შეკრებილებმა ალყაში მოაქციეს მანქანა, რომლითაც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და ტელეკომპანიის იურისტი, თამთა მურადაშვილი გადაადგილდებოდნენ. თავდასხმა მოხდა „კურიერის“ ჟურნალისტ დავით ერაძეზე. იგი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.
აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიას საკადრო ტექსტს აპროტესტებდნენ. “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “კურიერ P.S.-ში” აჭარაში ხეების მოჭრის ფაქტზე საუბრისას.
კომენტარები