გუდაურში დაშავებული შვედეთის მოქალაქე ფეხმძიმე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ნაყოფის მხრივ რაიმე გართულება არ აღინიშნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომელმაც პაციენტი „მედიქლაბ ჯორჯიაში“ მოინახულა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
„ორსული ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც აქ იმყოფება, დამაკმაყოფილებელია. ნაყოფის მხრივ, რაიმე გართულება არ აღინიშნება. მისი ჩივილია წელის ტკივილი, რომელიც სავარაუდოდ დაჟეჟილობით არის გამოწვეული. დღის განმავლობაში ის დარჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება გაწერა და გამგზავრება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისი განცხადებით, პაციენტის რეანომობილით ტრანსპორტირების საჭიროება არ არის და სავარაუდოდ ჩვეულებრივი ავიარეისით გაემგზავრება. კვლევების შემდეგ გადაწყდება, საჭიროა თუ არა მგზავრობისას ექიმის თანხლება, საჭიროების შემთხვევაში, ესეც უზრუნველყოფილი იქნება.
კომენტარები