ევროპული საქართველოს 9 დეპუტატმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე წარადგინა.
„ უმრავლესობის გარეთ დარჩენილმა ცხრა პარლამენტის წევრმა წარვადგინეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ქალბატონი ნინია კაკაბაძე. ჩვენი არჩევანი არ იყო შემთხვევითი. ვთვლით, რომ რაც უფრო მეტი პრინციპული, კვალიფიციური ადამიანი იქნება ამ საბჭოში, მით უფრო საჯარო და ღია გახდება მისი მუშაობა. ნინია სწორედ ასეთი ადამიანია. მართალია, ერთი ან ორი ადამიანი რეალურად ვერ შეცვლის ბორდის პოლიტიკას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ იყვნენ კვალიფიციური და პრინციპული ადამიანები.
წინა მოწვევის პარლამენტში ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება, როდესაც იმ კვოტას, რომელიც უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებს გვქონდა, უმრავლესობამ არ მისცა ხმა და ჩააგდო კანდიდატურა. იმედს გამოვთქვამ, რომ ამჯერად ასეთ საქციელს ადგილი არ ექნება და უმრავლესობა გააცნობიერებს კანონის იმ მოთხოვნას, რომ ერთი ვაკანტური ადგილი საზოგადოებრივ მაუწყებლის საბჭოში სწორედ უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატების წარმომადგენლით უნდა შეივსოს. „ განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა.
კომენტარები