ქრთამის აღებაში ბრალდებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის შვილის განცხადებით, მას მამის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემა შანტაჟითა და მამის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროების მუქარით აიძულეს. ზურაბ ნეფარიძის თქმით, შეხვედრა ე.წ. მოდულის შენობაში გაიმართა, სადაც მას უთხრეს, რომ თუ არ მისცემდა მამის წინააღმდეგ ჩვენებას, ის მამის პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებს ინტერნეტსივრცეში ნახავდა.
„ისეთ ვიდეოებზე არის საუბარი, თქმა მიჭირს, არ არის ეს ისეთი ვიდეოები. როდესაც მე მიმიყვანეს „მოდულში“, დამიდეს ეს მასალები და მეუბნებოდნენ, რომ თუ საჭირო იქნებოდა მაყურებინებდნენ ამ მასალებს, ამ ყველაფერს ესწრებოდა პროკურორი ბექა ეჟიშვილიც. დღესაც მიმდინარეობს ზეწოლა, ჩემი და ჩემი მეუღლის დაკავების ზეწოლაც არის, ოჯახი ბოლომდე გაგვანადგურეს“,-განაცხადა ნეფარიძემ.
ზურაბ ნეფარიძის ადვოკატ ედიშერ ქარჩავას განცხადებით, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, პროკურორი ბექა ეჟიშვილი ნეფარიძესა და მის ოჯახის წევრებს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გამოქვეყნებით ემუქრება.
ზურაბ ნეფარიძის სასამართლო პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ციხის საავადმყოფოში გაიმართება.
კომენტარები