საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პრემიერმინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. ჯანელიძის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის მოწოდება და მზადყოფნა, ჩაერთოს ჟენევის მოლაპარაკებებში უკავშირდება იმას, რომ ქვეყანა გამოვიდეს რთული მდგომარეობიდან.
„მოწოდება, რომელიც გაკეთდა პრემიერმინისტრის მიერ, უკავშირდება იმას, რომ ამ რთული მდგომარეობიდან ჩვენ მოვძებნოთ გამოსავალი. ამ საკითხზე პრემიერმინისტრმა განცხადებები ადრეც გააკეთა, ჩვენ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით მოვახდინეთ საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური მობილიზება, დაფიქსირდა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან შესაბამისი პოზიციები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ფორმატში, სადაც ჩვენ ვეძებთ გამოსავალს კონფლიქტის დარეგულირებისთვის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, ჩვენ შევძლოთ ამ გამოსავლის მოძებნა, რუსეთმა უპასუხოს ამ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას და საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად, მოძებნილ იქნას შესაბამისი გამოსავალი“,-განაცხადა ჯანელიძემ.
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართავს. მისი თქმით, ის მზადაა პირადად ჩაერთოს როგორც ჟენევის მოლაპარაკებებში, ასევე, პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზებთან და ოსებთან.
კომენტარები