რუსეთათან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. აბაშიძის თქმით, ეს არის სახელმწიფო მოღვაწის განცხადება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აყენებს უფრო მაღლა, ვიდრე კონიუნქტურულ, ყოველდღიურ მოსაზრებებს. მისივე თქმით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსასვენებლად ქართულმა მხარემ ყველა ბერკეტი და ფორმატი გამოიყენა.
„ეს არის სახელმწიფო მოღვაწის განცხადება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აყენებს უფრო მაღლა, ვიდრე კონიუნქტურულ, ყოველდღიურ მოსაზრებებს, ასეთი ნაბიჯის გადადგმა სახელმწიფო მოღვაწეს უნდა შეეძლოს და ეს ნამდვილად მისასალმებელია. მაშინ, როდესაც ჩვენ ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოვიყენეთ, ამაში პატრიარქიც ჩაერთო პირადად, ეს პირდაპირი მიმართვის საშუალებაც აუცილებლად გამოსაყენებელი იყო. მთავარი ჩიხური ვითარება ის გახლავთ, რომ რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო ჩვენ ამას ვერასდროს და ვერანაირად ვერ შევეგუებით, ეს არის ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ჩვენსა და რუსეთს შორის. არანაირი მინიშნება არ არის ამ განცხადებაში დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე. ამ ვითარებაში ეს საკითხები დღის წესრიგში ვერანაირად ვერ დადგება, არც დგას“,-განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართა. მისი თქმით, ის მზადაა პირადად ჩაერთოს როგორც ჟენევის მოლაპარაკებებში, ასევე, პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზებთან და ოსებთან.
კომენტარები