საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ვეს მიტჩელმა საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს პარტნიორობას ძალიან აფასებს.
“მისი შეფასებით, საქართველო არის ლიდერი რეგიონში, განხორციელებული რეფორმების კუთხით და განსაკუთრებულია საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის როლი რეფორმის პროცესში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით გამოთქვა საქართველოსადმი სრული მხარდაჭერა იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი დეტალურად არის ინფორმირებული რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე”- ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, პრემიერმინისტრმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის აშშ-თან პარტნიორობა უმაღლესი პრიორიტეტია; გასული 2017 წელი კი აშშ-საქართველოს პარტნიორობის თვალსაზრისით სამაგალითო იყო. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო რეგიონში აშშ-ის ერთგული პარტნიორია.
“ასევე, საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, აშშ-ის როლს ნატოს მომავალი სამიტისთვის საქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიმართულებით.
სატელეფონო საუბრისას აღინიშნა, რომ, მიმდინარე წელს, ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მორიგი შეხვედრის გამართვა იგეგმება, რომელზეც კიდევ ერთხელ იქნება განხილული აშშ-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები”- ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები