საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, მათ რუსეთის საპატრიარქოდან აცნობეს, რომ მიიღეს არჩილ ტატუნაშვილის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი, რომელიც ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ რუსეთის პატრიარქს გადაუგზავნეს.
“მისმა უწმინდესობა კირილემ განაცხადა, რომ, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის თხოვნით, უკვე ჩაერთო არჩილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს.
ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს”- ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
ცნობისთვის,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ე.წ. „ცხელი ხაზის“ მექანიზმის ამოქმედების შედეგად, დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა,რომ ტატუნაშვილის გარდაცვალების პირველადი მიზეზი არის გულის შეტევა. სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ იგი ნაცემი იყო.
კომენტარები