ბორჯომში საკრებულოსა და მერიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. სხვადასხვა ადგილას ავტომობილები და ავტობუსებია განთავსებული, სადაც სამართალდამცველები იყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება სპეციალური დანიშნულების რაზმებიც. საკრებულოს ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ძალა მათ დასარბევად გამოიყენოს.
„დილით ადრევე არის მობილიზებული სამართალდამცველების არნახული რაოდენობა, გადაღებული გვაქვს ყველა კადრი, პოლიციის და მუნიციპალიტეტის მიმდებარედ რამდენი სატვირთო მანქანაა მობილიზებული. იმედია ეს სამართალდამცველები არიან ჩვენს დასაცავად და არა ჩვენს დასარბევად“,-განაცხადა ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია „ლეიბორისტების“ წევრმა გიორგი გიუაშვილმა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ, დღის განმავლობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი “ქართული ოცნების” 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი თავდაპირველად ჩავარდა, რასაც
ბორჯომის მერიის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ისინი დღეს გაფიცვას და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.
კომენტარები