„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2018-ის გახსნითი ღონისძიება გაიმართა. კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, კონკურსი წელს მეორედ ტარდება, რომელიც არის გლობალური კამპანიის ნაწილი და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.
პრეზენტაციაზე ორგანიზატორებმა ისაუბრეს კამპანიის ეტაპების, კონკურსის პირობების, საკონკურსო კომისიის, კამპანიის მხარდამჭერებისა და ფინალური ღონისძიების შესახებ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლების რეგისტრაცია ვებგვერდზე www.tprize.ge 1 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შემდეგ კი, კონკურსანტთა შერჩევის სამეტაპიან პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურიში შედიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.
კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, რომელთაც მოეთხოვებათ მოკლე ვიდეოს გამოგზავნა, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, გახდება ”მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მფლობელი.
გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან გადაეცემა 10 000 ლარი. ”მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ინა გუდავაძე-პატარკაციშვილი და „ლიბერთი“ ბანკი. ასევე, ტელეკომპანია „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი პირველად 2017 წელს ჩატარდა, რითაც საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას. მასწავლებელთა კორპუსის, განათლების სფეროს წარმომადგენლებისა და ზოგადად, საზოგადოების მხრიდან აღნიშნული პროექტი მიჩნეულ იქნა წარმატებულად და მოიპოვა პოზიტიური გამოხმაურება.
კომენტარები