საქართველოს პარლამენტის ფრაქცია ,,ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის’’ თავმჯდომარე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი დღეს, იტალიის ელჩს, ანტონიო ბარტონს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ეუთოს ფორმატით კოორდინაციის საკითხები, იტალიის, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისად.
,,ჩვენ ვიმსჯელეთ მომავალ თანამშრომლობაზე, თუმცა მთავარი საკითხი იყო დღეს არსებული ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სრულიად კონკრეტული საკითხი, რომელიც ეხება ტატუნაშვილის მკვლელობას და ჩვენი მოქალაქეების დატყვევებას. ახლა საჭიროა მაქსიმალურად ზემოქმედება სეპარატისტულ რეჟიმზე და ბუნებრივია რუსულ მხარეზეც, რომ ეს საკითხი დროულად გადაწყდეს. იმედი გვაქვს, რომ დღეს იყო ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრა. ჩვენ შევთანხმდით იმაზეც, რომ ძალიან აქტიურად უნდა გავაგრძელოთ კონსოლიდაცია საერთაშორისო აზრის და ზეწოლის იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და შემდგომში მაქსიმალურად იყო აღკვეთილი მსგავსი ფაქტები,’’ – განაცხადა გიგი წერეთელმა.
ელჩის განცხადებით, იტალიის მხარე აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან და პარლამენტის ასამბლეის პრეზიდენტთან, გიგი წერეთელთან. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას და ჩართულობას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
კომენტარები