ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ეხმაურება ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ მისიის ოფიციალურ განცხადებაში წერია. ასევე, სადამკვირებლო მისია მზადყოფნას გამოთქვამს მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას.
„23 თებერვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მიიღო ინფორმაცია არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საკუთარი მანდატის ფარგლებში, მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება. მისიის ცხელი ხაზი აგრძელებს მუშაობას და აქტიურად გამოიყენება ამ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს , რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რათა მოხდეს ყველა საჭირო დოკუმენტაციის გაცვლა ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზის გასარკვევად. მისია იმედოვნებს, რომ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზის დასადგენად სრული, საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიება შედგება.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მეშვეობით ხელი შეუწყოს განხილვებს, რომლის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო, ან ნებისმიერ სხვა ფორმატში, რომელზეც შესაძლოა შეთანხმდნენ მონაწილეები“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები