საქართველოს წინაშე დღესაც დგას სერიოზული გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით, ასევე ჩვენი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და მიმდინარე მილიტარიზაცია, ხოლო ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი დღესაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გერმანია დღესაც გადამწყვეტ როლს ასრულებს და გვევლინება საქართველოს სუვერენიტეტის და განვითარების გარანტად.
“ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა არავინ არის დაზღვეული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეებისგან, რის გამოც ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით ჩვენს ორმხრივ კავშირებს გერმანიასთან. ეს კავშირები ნაცადი და საიმედოა და მათი ფესვები უნდა ვეძებოთ პირველ გერმანულ დასახლებებში, რომლებიც საქართველოში ზუსტად ორი საუკუნის წინ აღმოცენდა. გერმანიამ წამყვანი როლი შეასრულა 100 წლის წინ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებაში. გერმანია დღესაც გადამწყვეტ როლს ასრულებს და გვევლინება საქართველოს სუვერენიტეტის და განვითარების გარანტად”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.
კომენტარები