„დღეს გვექნება კიდევ ერთხელ იმის საშუალება, რომ გავცვალოთ მოსაზრებები, მოვისმინოთ პოზიციები და ამის შემდეგ ჩამოვაყალიბოთ საბოლოო პოზიცია იმის თაობაზე, თუ რას ვაკეთებთ ვეტოსთან დაკავშირებით”,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგ შეხვედრაზე, რომელიც „მაუწყებლის კანონთან” დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში გაიმართა.
მისი განცხადებით, შეხვედრაზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონპროექტთან დაკავშირებით, ორი კვირის წინ გაიმართა, შედგა შეთანხმება, რომ მორიგ შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და ბორდის წარმომადგენლებიც დაესწრებოდნენ და ყველა მხარე დამატებით არგუმენტებს წარმოადგენდა.
„ორი კვირის წინ შედგა შეხვედრა მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან მათი მომართვის საფუძველზე, სადაც გავცვალეთ მოსაზრებები საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონპროექტის შესახებ. იმ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ გაიმართებოდა კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და ბორდის წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ ვიმსჯელებდით ამ კანონპროექტის თაობაზე.
დღეს გვექნება კიდევ ერთხელ იმის საშუალება, რომ გავცვალოთ მოსაზრებები. მე თქვენ გთხოვეთ, რომ კიდევ ერთხელ გვემსჯელა დამატებითი არგუმენტების შესახებ და დღეს შეგვიძლია საბოლოოდ განვიხილოთ კანონპროექტი. მოვისმინოთ პოზიციები, მოვისმინოთ არგუმენტები და ამის შემდეგ, საბოლოოდ მოგვეცემა იმის საშუალება, რომ შევხვდეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს და ჩამოვაყალიბოთ საბოლოო პოზიცია იმის თაობაზე, თუ რას ვაკეთებთ ვეტოსთან დაკავშირებით”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პრეზიდენტის ვეტო ორ საკითხთან დაკავშირებით არის წარმოდგენილი და აუდიტორიას შესთავაზა აღნიშნულთან დაკავშირებით არგუმენტები და პოზიციები წარმოედგინათ. მისი თქმით, საკანონმდებლო განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილება კანონპროექტთან დაკავშირებით ამის საფუძველზე იქნება მიღებული.
„როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტის ვეტო დადებული აქვს ორ საკითხს. ერთი, ეს არის შესყიდვების საკითხი, მეორე-კომერციული რეკლამის საკითხი და სწორედ ამასთან დაკავშირებით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ვიზიარებთ თუ არ ვიზიარებთ ვეტოს საკითხს. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ საბოლოო პოზიცია ამასთან დაკავშირებით.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გთხოვთ ამ შეხვედრაზე წარმოადგინოთ არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით და ამის შემდეგ დავუბრუნდებით საკანონმდებლო განხილვას. მე, პირველ რიგში ვთხოვ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს წარმოადგინონ ის ძირითადი არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც ისინი მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი არ იქნება სარგებლის მომტანი და იქნება უარყოფითი შედეგის მომტანი. შემდგომ ვთხოვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს, წარმოადგინონ მათი ძირითადი არგუმენტები და დაასაბუთონ რატომ შეიძლება მოიტანოს კანონპროექტმა პოზიტიური შედეგები. ამის შემდეგ, კიდევ ერთხელ გვექნება აზრთა გაცვლის საშუალება და შემდეგ შევაჯამოთ ჩვენი შეხვედრა.”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, შეხვედრა დიკუსიის ფორმატში გაგრძელდა. მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოსაზრებები გამოთქვეს და კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციები წარმოადგინეს.
მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი ძირითადი ასპექტებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა ისაუბრეს და ინფორმაცია აუდიტორიას ძირითადი ცვლილებების და შესაბამისი არგუმენტების თაობაზე წარუდგინეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კანონის არსებული რედაქცია გაფართოვდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო და ფინანსური დამოუკიდებლობის საკითხი კიდევ უფრო ხაზგასმით და მკაფიოდ ჩაიწერა.
მათივე განმარტებით, მნიშვნელოვანი და არსებითი ხასიათისაა შესყიდვებთან დაკავშირებით არსებული ცვლილება. ამ საკითხზე არაერთი შეხვედრა გაიმართა და მიღწეულია შეთანხმება ფორმულირებაზე, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ გადის შესყიდვების შესახებ არსებული კანონმდებლობიდან. საუბარია მხოლოდ ვიწრო სეგმენტის განსხვავებული ფორმით შესყიდვაზე.
სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებების ცვლილებების კუთხით პროექტით წარმოდგენილ სიახლესთან დაკავშირებით განიმარტა, რომ ამ ცვლილებით გენერალური დირექტორის უფლებამოსილება არ ფართოვდება და ბიუჯეტირების ნაწილში არსებული ცვლილება ფინანსთა სამინისტროსთან შესაბამისი კონსულტაციების შემდგომ არის წარმოდგენილი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა ასევე წარმოადგინეს არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა პროექტში სარეკლამო სივრცესთან, სოციალური რეკლამის განთავსებასთან და სტარტაპების ბიუჯეტთან დაკავშირებული ცვლილებები.
მედიაორგანიზაციების წარმომადგენელთა მოსაზრებით, წარმოდგენილი ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს, შეუზღუდავი შესაძლებლობები ენიჭება და აღნიშნული ცვლილებები რეგიონალურ ტელევიზიებს, ონლაინ და ბეჭდურ მედიასაშუალებებს დააზარალებს. კანონპროექტის ოპონენტების განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებებით საზოგადოებრივ მაუწყებელს საშუალება ეძლევა საკუთარი სარეკლამო შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით გაზარდოს. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა არადამაჯერებლად ჩათვალეს წარმოდგენილი არგუმენტები და პროექტის ინიციატორებისგან დამატებითი განმარტებები მოითხოვეს. კრიტიკულად შეფასდა შესყიდვებთან, სარეკლამო დროსთან, სარეკლამო სივრცესთან და მენეჯმენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით პროექტით წარმოდგენილი ცვლილებები.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „შესყიდვებთან დაკავშირებით პარლამენტში იყო დისკუსია, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი და შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობა. განვიხილეთ ვარიანტები, მათ შორის საუბარი იყო კონკურსზეც და ითქვა ის არგუმენტებიც, რაც დღესაც ითქვა, რომ კონკურსები ინტელექტუალური პროდუქციის შესყიდვისთვის არ იყო შესაბამისი პროცედურა. ეს დისკუსია გახდა საფუძველი იმისა, რომ შეჯერდა პოზიციები”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესი, გათანაბრებულიყო შანსები არათანაბარი კონკურენციის პირობებში და მას ჰქონოდა ისეთივე ხარისხიანი პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა, როგორიც აქვს კერძო მაუწყებელს. პარლამენტის თავმჯდომარემ კონტროლის მექანიზმებზეც ისაუბრა. მისი თქმით არსებობს კონტროლის სამი მექანიზმი: სამეურვეო საბჭო, აუდიტის სამსახური და ფართო საზოგადოება, რომელსაც ასევე მიუწვდება ხელი შესყიდვების შესახებ ინფორმაციაზე, იქედან გამომდინარე, რომ სამეურვეო საბჭო არის საზოგადოების ძალიან ფართო სპექტრით დაკომპლექტებული. „ამან უნდა დააზღვიოს ის რისკები, რომელიც დაკავშირებულია პროცედურის გამარტივებასთან. ეს იყო არგუმენტების ის წყება, რომელთა საფუძველზეც, უმრავლესობაშიც, სადაც თავიდან იყო აზრთა სხვადასხვაობა აღნიშნულ საკითხზე, საბოლოოდ შეჯერდა გადაწყვეტილება შესყიდვების თაობაზე”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე განმარტა გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც უმრავლესობამ მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის კომპონენტის დამატებას მხარი დაუჭირა, „რეკლამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, დისკუსიის დროსაც იყო არგუმენტების მთელი წყება. ეს იყო საერთაშორისო გამოცდილება. საერთაშორისო პრაქტიკას სრულად შეესაბამება ის რეგულაციები, რომელიც დაემატა კანონს. რომ ავიღოთ საერთაშორისო გამოცდილება, კანონი, რომელიც მივიღეთ, არა თუ შეესაბამება ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკას, არამედ, პირიქით, ბევრად ნაკლები მიაქვს სახელმწიფო დაფინანსების სახითაც და კომერციული რეკლამის სახითაც საქართველოში საზოგადოებრივ მაუწყებელს. ეს ცვლილება საერთაშორისო პრაქტიკასთან არის არათუ თავსებადი, არამედ ჩამოვრჩებით კიდეც ჩვენ ამ პრაქტიკას”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების კიდევ ერთ მიზეზს წარმოადგენდა სურვილი, მისცემოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს საშუალება გამხდარიყო კონკურენტუნარიანი, რომ თავისი ძირითადი ფუნქცია განეხორციელებინა. მისი განცხადებით, არანაირი სუბიექტური და პარტიული ინტერესი ამ კანონპროექტის მიმართ არ არსებობს. „ჩვენ ვხელმძღვანელობდით წმინდა ობიექტური ინტერესებიდან გამომდინარე და ეს ობიექტური ინტერესი არის მარტივი. დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც ვიხდით ათეულ მილიონს ასეთი სოციალური გავლენის გარეშე. ამიტომ, ჩვენს წინაშე იდგა ამოცანა, რომ ეს ვითარება უნდა შევცვალოთ. მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ რაღაც დონეზე საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გახდეს კონკურენციის მონაწილე. აქ საუბარია სწორედ იმ კომპონენტის დამატებაზე, რომელიც მისცემს საზოგადოებრივ მაუწყებელს სტიმულს, რომ უკეთესი გადაცემა მოამზადოს”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, დღევანდელი დისკუსია სასარგებლოა და გამოწვევები, რაზეც საუბარია არ ეხება მხოლოდ ერთ ორგანიზაციას. ეს არის გამოწვევები, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას „ეს არის რეალურად არსებული გამოწვევები, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე და სწორად უნდა იყოს ყველაფერი გააზრებული. მათ შორის ის გეგმები, რომელიც გვაქვს და აუცილებლად განსახორციელებელია. დღევანდელი დისკუსია იყო ძალიან სასარგებლო. მე მგონია, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი გაკეთდა ამ კანონთან დაკავშირებით, რომ ის ამ ფორმით იყოს მიღებული,”-განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. მან პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს თხოვა,მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამდე „საზოგადოებრივ მაუწყებელში” მივიდნენ და არსებულ მდგომარეობასადგილზე გაეცნონ.
დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა შეაჯამა. მისი განცხადებით, კანონპროექტი გახდა იმ პოლიტიკური შტურმის ნაწილი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე უკანასკნელი პერიოდის განმალობაში ხორციელდება.
„დაახლოებით ერთი წელია ჩვენ ვაკვირდებით უკვე პოლიტიკურ შტურმს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ჯერ დაიწყო გადაცემების გაუქმებისწინააღმდეგ პროტესტით, მაშინ, როდესაც ზუსტად ის გადაცემები ქმნიდა ნულოვან რეიტინგს. დაიწყო ცვლილებებზე საუბარი, მაშინვე დაიწყოპოლიტიკური შტურმი. ეს არის არსებული სურათი. ეს პროცესი გრძელდება. სამწუხაროდ, ეს კანონპროექტიც გახდა ამ პოლიტიკური შტურმისშემადგენელი ნაწილი. ამ პოლიტიკურ ბრძოლაში ვიღაცა ნებსით არის ჩართული, ვიღაცა უნებლიეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის პოლიტიკურიშტურმი. ანუ, იბრძვიან იმის წინააღმდეგ, რაც არ ვიცი რატომ შეიძლება გახდეს ბრძოლის საგანი. ეს იყო პოლიტიკური შტურმი, პოლიტიკურიინტერესი, ჰქონდათ პოლიტიკურ სუბიექტებს ეს ინტერესი და დაიწყო პოლიტიკური შტურმი. ეს, სამწუხაროდ, გაგრძელდა და სამწუხაროა, რომ ესკანონპროექტი მოყვა ამ შტურმში,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველაფრის მიუხედავად მოხერხდა, რომ კანონპროექტი ფართო მსჯელობის საგანი გახდა, გარკვეული პოზიცია ჩამოყალიბდა და დარჩა მხოლოდ ორი საკითხი, რომელსაც ვეტო დაედო.
„თუმცა, ამის მიუხედავად მოვახერხეთ ის, რომ ეს კანონპროექტი გახდა ყველაზე ფართო მსჯელობის საგანი, რაც კი გვქონია ჩვენ ბოლო თვეებისგანმავლობაში. ჩამოყალიბდა გარკვეული პოზიცია. პირვანდელისგან ბევრად განსხვავდებოდა ის კანონპროექტი, რომელიც საბოლოო ჯამში იქნამიღებული, დარჩა ორი საკითხი, რომელსაც დაედო ვეტო, ეს არის შესყიდვების საკითხი და აქ ერთად ვიმსჯელეთ და აღმოჩნდა, რომ ცვლილებას ყველავეთანხმებით. პირიქით, საუბარი იყო იმაზე, რომ სხვა სფეროებზეც უნდა გავრცელდეს და ერთადერთი, რაზეც შეიძლება რაღაცეები დაკონკრეტდესკანონში”.
ირაკლი კობახიძის თქმით, ერთადერთი ინტერესი კანონპროექტთან დაკავშირებით არის სახელმწიფოებრივი ინტერესი და სწორედ ამის წინაშე მიდის ბრძოლა, რომელსაც არ აქვს გამართლება.
„ერთადერთი პოლიტიკური ინტერესი ეს არის სახელმწიფოებრივი ინტერესი ამ შემთხვევაში და ეს მდგომარეობს იმაში, რომ აღარ გვინდა ათეულობითმილიონი დავხარჯოთ ნულოვან რეიტინგში. ეს არის პოლიტიკურ სახელმწიფოებრივი ინტერესი. ამის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა ერთი წლისგანმავლობაში. ამ ბრძოლას ახსნა არ აქვს. ახსნა აქვს მაგრამ, გამართლება არა. ახსნა არის პოლიტიკური და ამ პოლიტიკური ინტერესების უკან ვინცდგას, ეს გამოჩნდა იმ კონკრეტული ადამიანების სახით, რომლებმაც დატოვეს ჩვენი სხდომათა დარბაზი. არის პოლიტიკური ინტერესები, ცალსახადიკვეთება ეს პოლიტიკური ინტერესები. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ, თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ ამით ინტერესი არდავაზარალოთ”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, უმრავლესობის გადაწყვეტილება შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ გაბათილდება არგუმენტების ის ჯაჭვი, რაც ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა.
უმრავლესობის წევრები დღევანდელი შეხვედრიდანაც გამოიტანენ დასკვნებს. მეც შევეცდები მივაწოდო მათ ინფორმაცია ორივე მხრიდან გამოთქმული მოსაზრებების თაობაზე და თუ ჩაითვლება, რომ ამ ჯაჭვში იყო ხარვეზი და რაღაცას აზარალებს, ან შედეგს ვერ მოიტანს მაუწყებლისთვის, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს.
ამიტომ, ჩვენ გვინდა, რომ დისკუსიები გაიმართოს ყველა საკითხთან დაკავშირებით და არგუმენტირებულად ვიმსჯელოთ ყველა საკითხზე. მე მოხარული ვარ, რომ ასეთი, კონსტრუქციული მსჯელობა შედგა”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ შემაჯამებელ სიტყვაში ასევე აღნიშნა, რომ განხილვა საპარლამენტო უმრავლესობაში გაგრძელდება, თუმცა, კრიტიკას, რომელიც კანონპროექტის მიმართ გაჟღერდა, ვერ გაიზიარებს.
„იმ სახით კრიტიკა, რომელიც მომართული იყო ამ კანონპროექტის მიმართ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ, ნამდვილად ვერ გავიზიარებ, თუმცა, გაგრძელდება მსჯელობა კანონპროექტთან, კონკრეტულად, ვეტოსთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას. ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს დისკუსია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით და უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც უზრუნველყოფს თანხების, საბიუჯეტო რესურსების მაქსიმალურად მიზნობრივად მიმართვას.
ირაკლი კობახიძე ასევ გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის წინადადებას და უმრავლესობის წევრებთან ერთად შეეცდება ვეტოს პროცედურის დაწყებამდე, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს პირადად გაეცნოს.
კომენტარები