პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ერთობლივი ორგანიზებით, USAID-ის „მმართველობა განვითარებისათვის” (G4G) მხარდაჭერით, პარლამენტში გაიმართა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი თემაზე „საქართველოს კანონის პროექტი დაგროვებითი პენსიის შესახებ: უპირატესობები და გამოწვევები”.
ღონისძიება გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ მიმართა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საპენსიო რეფორმა არ არის მხოლოდ სოციალური დატვირთვის მატარებელი.
„თავისი არსით, ეს რეფორმა, პირველ რიგში არის ეკონომიკური და ფინანსური დატვირთვის, და იმავდროულად, რა თქმა უნდა, აქვს უზარმაზარი სოციალური დატვირთვაც, რადგან თუ გვინდა მდგრადი საპენსიო უზრუნველყოფის მოდელი შევქმნათ ე.წ. მეორე სვეტს ალტერნატივა არ აქვს. როგორ უნდა იყოს ზუსტად მოწყობილი დაგროვებითი პენსიის სისტემა, როგორია იმ ელემენტების შეხამება, რომელიც ამცირებს რისკებს დაკავშირებულს ინვესტიციის კეთილსაიმედოობასთან და ინფლაციის პრობლემებთან დაკავშირებით – ყველა ამ საკითხზე გვექნება მსჯელობა. დღეს, პარლამენტის წევრები მოვისმენთ რას ფიქრობენ აღნიშნულ საკითხებზე როგორც კანონპროექტის ავტორები, ასევე ოპონენტები და მხარდამჭერები, რაც დაგვეხმარე ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით”,-აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
შეხვედრის მონაწილეებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ მიმართა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა რომ, საქართველოში საპენსიო რეფორმა აუცილებლად ჩასატარებელია.
„ვფიქრობ, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმაა. ჩვენს ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული თუ ეკონომიკურ მდგომარეობის გათვალისწინებით საპენსიო რეფორმა აუცილებლად ჩასატარებელია. დაგროვებითი პენსიის სწორად შემოღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ფინანსური რეფორმის კუთხით, რომელიც საქართველოში უნდა ჩატარდეს”,-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
მისი განცხადებით, კანონის იმპლემენტაციის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა, ასევე, საპენსიო რეფორმის განხორციელების პროცესში საზოგადოების სწორი ინფორმირების მნიშვნელობაზე.
კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით, ასევე, გამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)პროექტის ”მმართველობა განვითარებისთვის” (G4G) ხელმძღვანელი ნატალია ბერუაშვილი და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის აღმასრულებელიდირექტორი ნათია კაციაშვილი. (USAID) პროექტის ”მმართველობა განვითარებისთვის” (G4G) ხელმძღვანელის, ნატალია ბერუაშვილის განცხადებით, მათი მიზანია, ბიზნესსა და საჯარო სექტორებს შორის საჯარო დიალოგის გზით, ხელი შეუწყონ ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას. ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კაციაშვილმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მიზანია შედგეს ინკლუზიური დიალოგი კანონმდებლებსა და კერძო სექტორს შორი, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს უფრო ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნას და უკეთესი კანონმდებლობის მიღებას.
„დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონპროექტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ ისაუბრა.
„საქართველოს რეალობისთვის უმნიშვნელოვანესი რეფორმაა. საქართველოს ეკონომიკა დღეს მზად არის იმისთვის, რომ ეს რეფორმა განხორციელდეს”,-განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს მოკლედ გააცნო საპენსიო რეფორმის კონცეპტუალური საკითხები. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა წარმოადგინა კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია – „საპენსიოსისტემის რეფორმის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება”. პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონპროექტზე.
აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეების შეკითხვებს უპასუხეს. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და ასევე, დარგის ექსპერტებმა. შეხვედრის შეჯამებისას, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ მომავალ კვირაში, პარლამენტში, კანონპროექტის განხილვა უფრო გააქტიურდება.
„შესაძლებლობა გვექნება გავითვალისწინოთ გარკვეული მოსაზრებები, დავხვეწოთ კანონპროექტის ცალკეული მუხლები და ამ პროცესში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას როგორც წამყვანი, ასევე სავალდებულო კომიტეტები”,- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
ღონისძიების მიზანი იყო: „დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონპროექტის განხილვა წამყვანი კომიტეტის პირველ მოსმენამდე, ინტერესთა ჯგუფების ჩართულობით და ძირითად პრინციპებზე შეთანხმება. „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონპროექტი ეფუძნება „საქართველოს საპენსიო რეფორმის” კონცეფციას.
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. პროექტი მომზადდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოსეროვნული ბანკის, აზიის განვითარების ბანკისა და USAID-ის ექსპერტების ჩართულობით. კანონპროექტით გათვალისწინებულია: დაგროვებითისაპენსიო სქემის დანერგვისა და ორგანიზების რეგულირების საკითხები; დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის სქემაში გაწევრიანებისადა მონაწილეობის წესები და პირობები.
კომენტარები