შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, ყოფილი “მხედრიონელი” დოდო გუგეშაშვილი აცხადებს, რომ პირი, რომელმაც მას და მის შვილს ესროლა, გაეცნო, როგორც ვეტერანი და დახმარება სთხოვა.
გუგეშაშვილმა ტელეკომპანია „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ეს ადამიანი მას გაეცნო სახელით ზურა და გვარი არ უთქვამს.
”ეს ადამიანი რამდენიმე თვის უკან გამეცნო, როგორც ვეტერანი და მთხოვა დახმარება რაღაც პატარა საქმეზე. მის ვიღაც ახლობელს კიევში, მაღაზიაში უნდა შეეძინა ქარვის ნაკეთობა და ვინაიდან, ომია უკრაინაში, მთხოვა, რომ თუ მყავდა ნაცნობები, ვინც უზრუნველყოფდნენ, აეროპორტამდე მანქანით მშვიდობიანად, ამ კაცის ნავაჭრთან ერთად გადაადგილებას. ეს არის და ეს.
მე არ ვიცი უკრაინაში შავი ბიზნესი, იქ არის მაღაზიები, გამოფენები, სადაც ადგილობრივ ნაწარმს ამუშავებენ და ყიდიან. მე ქარვის ბიზნესთან არასოდეს არანაირი შეხება არ მქონია. რამდენადაც ვიცი, ეს ქვა არის ძვირი, ხატები იყიდება ქარვის და მე მაგის საშუალება არასოდეს მქონია, რომ ჩემი სახსრებით შემეძინა. ამ ადამიანმა დაასახელა ჩემი ორი ახლობელი, რომელიც ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა მაშინაც და მუშაობენ ახლაც, ისინი ჩემი მეგობრები არიან, თუმცა არაფერთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ჩვენ ვართ გარკვეული სოციალური ჯგუფი, მრავალათასიანი, ვეტერანების და როდესაც ვიღაც ერთმანეთის სახელს ახსენებს, ვცდილობთ, მერე უფრო კარგ ურთიერთობაში ვიყოთ. სახელი მითხრა ზურა, რაც შეეხება გვარს, არ უთქვამს, ან მითხრა და არ მახსოვს. იმდენად უმნიშვნელო ტიპია, რომ არც ვიცი გვარი მითხრა, თუ არა.
სამწუხაროდ, მე არასოდეს მიფიქრია რაიმე სიფრთხილის დაცვაზე და ადამიანი, რომელიც ცდილობდა ვითომ საქმიან კონტაქტზე გამოსვლას, სახლში ჩვეულებრივად, რამდენჯერმე შემოვუშვი.
მახსოვს, რომ მესროლეს გულის არეში და მე მეგონა, რომ ჩემი ვაჟი უკვე სახლიდან გასული იყო. მესროლეს მე და ესროლეს შვილს. მაგრამ სროლის მომენტი ჩემი შვილის მიმართ მე არ მინახავს. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ არაფერ შუაში არ არის პოლიტიკა, არ არის ბიზნესი, არ არის წინა საუკუნის სავალალო დაპირისპირება, რომელიც მთელმა საქართველომ გავიარეთ, არ არის არცერთი ომი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის არც ფულიანი ბიზნესი, არც მსგავსი რამ. ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული”, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.
გუგეშაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მკვლელი, სავარაუდოდ, დაჭრილია.
”ტყუილია ეს ინფორმაცია, დაჭრილი არ არის. ვერც იქნებოდა, რადგან მე ვიყავი საშინაო ფორმაში, ჩუსტებით და ხალათით და როგორ ვესროდი”, – განაცხადა გუგეშაშვილმა.
დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დოდო გუგეშაშვილი დაიჭრა, ხოლო მისი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
კომენტარები