ბიზნესმენი ლევან ვასაძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლამ (რომელიც ვასაძემ დააფუძნა) სტიპენდია მხოლოდ ბიჭებისთვის დააწესა. სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სკოლის მიერ სტიპენდიის გაცემის წესი სქესის ნიშნით დისკრიმინაციის წამახალისებლად მიიჩნია. ამასთან დაკავშირებით ვასაძე ვიდეომიმართვას ავრცლებს და აცხადებს, რომ სკოლას გოგოების მიმართ დისკრიმინაციული გადაწყვეტილება არ მიუღია. ვასაძის თქმით, მათივე ჯიბით დაფინანსებული სტიპენდია, მათივე უფლებაა.
“ე.წ. სახალხო დამცველი დაესხა ჩვენს სკოლას თავს და დაგვდო ბრალი გოგოების დისკრიმინაციაში. მას უმალვე მხარი აუბა ჩვენმა სასიქადულო ლიბერალურმა მედიამ. რა არის, რომ შარშან ჩვენი სკოლის დირექციას ერთერთი კლასისთვის, სადაც მხოლოდ ერთი ბიჭი ჰყავდათ და დანარჩენი გოგოები, გამოუცხადებია, თურმე, სტიპენდია, რომელსაც ჩვენი ფულით ვუხდით, ბიჭების მისაღებად, რათა კლასის შემადგენლობა ცოტათი დაებალანსებინათ და ის ბიჭი მარტო არ მჯდარიყო ამდენ გოგოებში. ამაზე აღშფოთებულა ვინმე ლიბერასტი ქალბატონი ბაია პატარაია, რომელსაც საჩივარი დაუწერია ე.წ. სახალხო დამცველისთვის.
ამგვარ სტიპენდიებს ჩვენი სკოლა რეგულარულად აცხადებს. მაგალითად, ზუსტად წინა წელს, ერთ კლასში საპირისპირო სიტუაცია იყო, მხოლოდ ერთი გოგო იჯდა ბევრ ბიჭთან ერთად. მაშინაც, თურმე, დირექციას გამოუცხადებია სტიპენდია მხოლოდ გოგონების მისაღებად ამ კონკრეტულ კლასში შემადგენლობის დასაბალანსებლად. მაგრამ, ამან, როგორცა სჩანს, არ გამოიწვია ქალბატონი პატარაიას ფემინისტური რეაქცია და იგი ბიჭებს არ გამოესარჩლა. აი, გოგოების ე.წ ჩაგვრაზე კი მან ენა მიიტანა ე.წ. სახალხო დამცველთან. ანუ, მისივე მყრალ ენაზე რომ ვთქვათ, მან თავად მოახდინა ბიჭების დისკრიმინაცია, რადგან ანალოგიურ სიტუაციაში არ გამოესარჩლა ჩვენ მიერ მათ ე.წ. ჩაგვრას.
ქალბატონო, ე.წ. სახალხო დამცველო, მე მოვითხოვ თქვენგან საჯარო ბოდიშს ჩვენი სკოლის შეურაცხყოფისთვისა და მისი იმიჯისთვის ზარალის მიყენებისათვის”, – აცხადებს ლევან ვასაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ შპს „იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელში” სკოლის მიერ სტიპენდიის გაცემის წესი სქესის ნიშნით დისკრიმინაციის წამახალისებლად მიიჩნია. სასწავლებელმა სტიპენდია მხოლოდ ბიჭებისთვის დააწესა. სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა შპს „იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელს,“ რომ სასტიპენდიო პროგრამის გამოცხადებისას დაიცვას თანასწორობის პრინციპი და შეიმუშაოს სპეციალური დებულება სტიპენდიის მიღების წესისა და მიმღებ პირთა განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ.
კომენტარები