საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქმნება. აღნიშნულთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა იუსტიციის სამინისტრომ უწყებათაშორის კომისიაზე წარადგინა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სანდრო ბარამიძე „ტვ პირველის“ ეთერში განმარტა თუ რა ფუნქციებს შეითავსებს ახალი საგამოძიებო ორგანო.
„შეიქმნება ერთიანი ინსტიტუტი, რომელიც გააერთიანებს თავის თავში სამ სხვადასხვა ფუნქციას: ერთი არის პერსონალური მონაცემების დაცვა, მეორე არის ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით კონტროლის განხორციელება, ეს ორივე ფუნქცია ჰქონდა ჯერ კიდევ მოქმედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მესამე, რასაც ახალი ინსტიტუტი შეითავსებს, იქნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ფუნქციების შესრულება ანუ გამოძიება იმ საქმეებისა, რომლებიც სავარაუდოდ ჩაიდინეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ან სხვა სახელმწიფო მოხელეებმა.
აქ მთავარია, რომ იყოს უზრუნველყოფილი ძირეული პრინციპები, რაც ამგვარ მექანიზმს მოეთხოვება, ეს გახლავთ პირველ რიგში, მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, მისი დამოუკიდებლობა ყველა სხვა სახელმწიფო ორგანოსგან, მისი ანგარიშვალდებულება პარლამენტის მიმართ, აგრეთვე ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა საგამოძიებო ორგანოსა და იმ პირს შორის, ვინც სავარაუდოდ ჩაიდინა დანაშაული. ეს ყველაფერი არის უზრუნველყოფილი.
ახალი მექანიზმი აღჭურვილი იქნებ ყველა იმ საგამოძიებო ფუნქციით და უფლებამოსილებით, რომელიც გააჩნია გამომძიებელს მოქმედი კანონმდებლობით. აქედან გამომდინარე, ეს პრინციპები, რაც ყველაზე მთავარია და რაც მოეთხოვება საგამოძიებო მექანიზმს, აქ არის უზრუნველყოფილი“,-განაცხადა ბარამიძემ.
კომენტარები