რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ისრაელის პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს გერმანელი მეწარმის ოსკარ შინდლერის წერილის ორიგინალი გადასცა. ინფორმაციას რუსული სააგენტო ТАСС-ი ავრცელებს. როგორც ნეთანიაჰუს კანცელარიის წარმომადგენელმა ანა იონათან-ლეუსმა განაცხადა, პრემიერმინისტრი ძალიან გახარებულია ასეთი საჩუქრით. ნეთანიაჰუ წერილს იად-ვაშემის მუზეუმს გადასცემს. ორი ქვეყნის ლიდერი მოსკოვის ებრაულ მუზეუმში და ტოლერანტობის ცენტრში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მოხსენიების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.
ოსკარ შინდლერი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი მეწარმე იყო. მას შემდეგ, რაც ის ებრაელი ხალხის მიმართ ჰიტლერის რეჟიმის სისასტიკის მოწმე გახდა, მან ებრაელების დასაქმება დაიწყო საკუთარ ქარხნებში. მან შეძლო ნაცისტური რეჟიმის მაღალჩინოსნების დარწმუნება, რომ საკონცენტრაციო ბანაკ პლაშოვიდან დაესაქმებინა ებრაელები, რომლებსაც წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილი ემუქრებოდათ.
შინდლერმა საერთო ჯამში 1200 ადამიანი იხსნა სიკვდილისგან (800 მამაკაცი, 300 ქალი და 100 ბავშვი). მისი ბიოგრაფია საფუძვლად დაედო ტომას კენილის წიგნს „შინდლერის კიდობანს“ და სტივენ სპილბერგის ფილმს „შინდლერის სია“.
კომენტარები