ატენის ქუჩის მცხოვრებლები დღეს სახალხო დამცველის ოფისთან შეიკრიბებიან. მათი ინფორმაციით, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა, მიუხედავად სასამართლო აკრძალვისა, 2018 წლის 15 იანვარს, სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ, უკანონო მშენებლობად გამოცხადებული და შეჩერებული 27- სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა ხელახლა გასცა. ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, დედაქალაქის მერს მოუწევს ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხების გაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას მოჰყვება განცხადების პროკურატურაში შეტანა.
„ჩვენ შევხვდით ქალაქის მერს მისი სურვილით, რომელიც ჩავაყენეთ თავიდან ბოლომდე საქმის კურსში, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. მან გააკეთა შემდეგი ტიპის განცხადება, რომ „მე თუ დავრწმუნდები იმაში და თქვენ თუ დამარწმუნებთ იმაში, რომ ეს მშენებლობის ნებართვა არის უკანონო, მე ხვალვე გავაუქმებ ამ მშენებლობის ნებართვას“. თავისთავად ცხადია, რომ მას მოუწევს კონკრეტული პასუხების გაცემა იმ სამართლებრივ ნონსენსთან დაკავშირებით. თუ ეს ასე არ მოხდა, პროცესები ბუნებრივია გამწვავდება, ამას მოჰყვება პროკურატურაში განცხადების შეტანა“,-განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
კომენტარები