სახალხო დამცველის აპარატი დევნოზაშვილების ოჯახით დაინტერესდა. რამდენიმე დღის წინ „კურიერში“ ამ ოჯახზე სიუჟეტი გავიდა, მამა თავის 8 შვილს სახლიდან გასვლას, სკოლაში სიარულსა და თანატოლებთან ურთიერთობას უკრძალავს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, აშკარად იკვეთება არაერთი კანონდარღვევა. მისი თქმით, ყველა ბავშვს აქვს უფლება, რომ მიიღოს განათლება და განვითარება. ომბუდსმენის თქმით, ერთი შეხედვით აშკარად ჩანს ბავშვთა უფლებების შეზღუდვა და ოჯახური ძალადობა.
„სახალხო დამცველის ოფისის სვანეთის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს აღნიშნული ფაქტის შესწავლა, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს აქვს უფლება, რომ მიიღოს განათლება, მათი განვითარების უფლება არის გარანტირებული კანონმდებლობით. რაც მოვისმინეთ, ერთი შეხედვით ნამდვილად ჩანს, რომ ადგილი აქვს ბავშვთა უფლებების შეზღუდვას და ოჯახში ძალადობასაც, რაც გამოიხატება იმით, რომ მათ შეზღუდული აქვთ განათლებისა და განვითარების შესაძლებლობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ უნდა ჩაერთოს სოციალური სამსახურები და ბავშვის ინტერესებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს მათი ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენა და თითოეულ მათგანს ასაკისა და განვითარების შესაბამისად უნდა მიეცეს საზოგადოებაში გამოსვლისა და განათლების მიღების შესაძლებლობა. პირველ რიგში აქ აქცენტი უნდა გაკეთდეს სოციალურ სამსახურებზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჩაერთოს ასევე შსს“,-განაცხადა ლომჯარიამ.
კომენტარები