დუისში, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლის ეზოში ადგილობრივები და უხუცესები შეიკრიბნენ. მათ ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება გააკეთეს და საქართველოს მთავარ პროკურორს მასთან პირადად შეხვედრის მოთხოვნით მიმართეს. უხუცესები ამბობენ, რომ მათ არაერთი კითხვა აქვთ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. პანკისელები მიიჩნევენ, რომ გამოძიება ხელოვნურად ჭიანურდება.
„მოითხოვს მოსახლეობა, რომ შეხვედრა მოხდეს გენერალურ პროკურორთან, რადგან გამოძიება პროკურატურაში მიმდინარეობს, ჩვენ გვაინტერესებს, სადამდე არის მისული გამოძიება, რა კუთხით მიდის. შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ეს ანტიტერორისტული ოპერაცია იმგვარად ჟღერდება, თითქოს პანკისის ხეობაში მართლაც ტერორისტები იყვნენ და ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჰქონდეთ კავშირი. შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ჩვენ რაღაც 6 ათასი ვართ და 6 ათასში 5-6 ტერორისტი, ეს უკვე ძალიან ცუდად ჟღერს.
დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ აქ მკვლელობა მოხდა, როცა შეძლებოდა, ყოველგვარი ძალადობრივი გზების გარეშე მოგვარებულიყო ეს საკითხი“,-განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესმა ხასო ხანგოშვილმა.
კომენტარები