სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით დაკავებულ პირს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. ანატოლი ბერძენიშვილი გვიან ღამით სახაზინო ადვოკატმა მოინახულა. ელდარ გვალიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
სუს-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად.
დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17-დან 20-წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
კომენტარები