ქორეოგრაფიულ ანსამბლ “სუხიშვილების” სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი ანსამბლის ახალი ცეკვის მიმართ საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. სუხიშვილმა პროექტ “ცეკვა ქართულის” შესახებ ისაუბრა.
“არ მინდოდა კონკრეტული ხალხის, კუთხის, ან თუნდაც ისტორიის, ციხესიმაგრის გადარჩენის ისტორიის მოყოლა; უფრო ხასიათის და განწყობის გადმოტანა მინდოდა. ქართული განწყობის, თუნდაც დღევანდელი განწყობის. როგორ ფიქრობთ, დღეს ქართულს ახალგაზრდა გოგო და ბიჭი შინაგანად როგორ ცეკვავენ?
თუ ქართველი ახალგაზრდა ქართულ ელექტრონულ მუსიკაზე ისე მოძრაობს, როგორც თვითონ, იდენტურად და არა სხვა ვინმე, ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს ქართული არ არის. არ არის აუცილებელი, ჩოხა ჩააცვა და დიმპიტაური დაუკრა. ჩემთვის ეს პროექტი იმდენად ცოცხალია, რომ მინდა, განვითარდეს და არასდროს გამოვტოვებ შანსს, რომ წარმოვადგინოთ სხვადასხვა სახით.
„ცეკვა ქართული“ და ქართული ცეკვა ორი სხვადასხვა რამეა. „ცეკვა ქართული“ ჰქვია პროექტს, სადაც ჩვენი სტილი გამომჟღავნდება ოპერაშიც, კლასიკურ ბალეტშიც”, – განაცხადა ილიკო სუხიშვილმა „კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ცეკვა “სუხიშვილებმა” პირველად 13 იანვარს კლუბ “რესპუბლიკაში” შეასრულეს. ელექტრონული მუსიკაზე შესრულებულ ცეკვას განხილვა სოციალურ ქსელში მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა სიახლე მოიწონა, ნაწილმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნომერი ქართულ ტრადიციულ ცეკვასთან კავშირში არაა.
კომენტარები