კლუბ „ბასიანთან“ სამი პირის დაჭრაში ბრალდებული პირის ადვოკატის განცხადებით, დაშავებულებს დაზიანებები გაშველების დროს აქვთ მიყენებული. ადვოკატ ზაზა მესხის განცხადებით, ისინი თანამშრომლობენ გამოძიებასთან და ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას.
„მოხდა ურთიერთშელაპარაკება და ორ პიროვნებას სხეულის დაზიანება მიღებული აქვთ მხოლოდ და მხოლოდ გაშველების შედეგად. არცერთი ჭრილობა შემავალი არ არის, უბრალოდ დასერილი აქვს. ჩვენ გვექნება ექსპერტიზის დასკვნა, ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. გვინდა, რომ საქმეზე დადგინდეს აბსოლუტური ჭეშმარიტება“,-განაცხადა მესხმა.
კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 13 იანვარს ბრალდებულმა თბილისში, ა.წერეთლის გამზირზე, კლუბი „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სამ პირს: ამავე კლუბის დაცვის უფროსს – 1979 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს, კლუბის დაცვის თანამშრომელს – 1993 წელს დაბადებულ ი.კ.-ს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს – 1976 წელს დაბადებულ თ.ს.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
კომენტარები