შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიებაში ჩაერთო სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, ერთობლივი ოპერაციების ცენტრის, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებით. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათი ცნობით, სამუშაო ჯგუფს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კობა ნარსია ხელმძღვანელობს.
“ამ დროისთვის, სპეციალური ჯგუფის წევრები უკვე რუსთავში იმყოფებიან. საგამოძიებო მოქმედებებში მათი ჩართვა საქმის ოპერატიულ და ობიექტურ გამოძიებას შეუწყობს ხელს. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდება”- აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძე გუშინ მოკლული იპოვეს.
სამსონ ქუთათელაძე 1964 წელს დაიბადა. მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2004 -2006 წლებში ეროვნული გვარდიის სარდალი იყო.
გენერალი სამსონ ქუთათელაძე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ასევე სამშვიდობო ოპერაციებში ერაყში.
2008- 2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”, იკავებდა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის თანამდებობას.
კომენტარები