რაც მაშინებს, არის ის, რომ ისეთი კანონი არ მივიღოთ, რომელიც შემდეგ დააზიანებს ერს,- ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ ნარკოპოლიტიკის შესახებ საუბრისას “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” სტუმრობისას განაცხადა.
მამა შალვა კეკელია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის ფართო განხილვა მოხდეს.
„ეს კანონი ჩვენს გარეშე განიხილეს. სახელმწიფოს აქვს უფლება, კანონი ჩვენს გარეშე განიხილოს, მაგრამ არის რაღაც თემები, როდესაც არ შეიძლება, რომ საზოგადოების გარკვეული ფენები განხილვაში არ ჩარიო. არის თემები, მაგალითად საბიუჯეტო საკითხები, რაშიც ჩვენ ვერ ჩავერევით ვერასოდეს და პარლამენტი თავისუფალია ამაში. ეკლესიას არანაირი გამოცდილება არ აქვს, თუ როგორ გადანაწილდება ბიუჯეტი. თუმცა, რაც შეეხება ისეთ მხარეს, რაც სულიერებას ეხება, ოჯახებს ეხება, მნიშვნელოვანი და ფაქიზი თემებია, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხების ფართო განხილვა მოხდეს. მე პირადად ამ კანონში არ ვარ კარგად გარკვეული, თუმცა, რაც მაშინებს, არის ის, რომ ისეთი კანონი არ მივიღოთ, რომელიც შემდეგ დააზიანებს ერს”, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
შეგახსენებთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა.
“საჭიროდ მიგვაჩნია, მოეწყოს აღნიშნული თემის ფართო, საზოგადოებრივი განხილვა ხელისუფალთა, ფსიქოლოგების, ექიმების, იურისტების, სასულიერო პირთა, ადამიანის უფლებადამცველების, ჟურნალისტების, პედაგოგთა, საერთოდ ინტელიგენციის, სამართალდამცავთა და სხვათა ჩართულობით, რათა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს”- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
კომენტარები