ცნობილი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა. ტელეწამყვანმა ქალთა მიმართ ძალადობასა და ქალთა უფლებებზე ისაუბრა.
ემოციურ გამოსვლაში ოპრამ 10 დღის წინ გარდაცვლილი რესი ტეილორი გაიხსენა. მისი თქმით შავკანიანი ტეილორი 1944 წელს თეთრკანიანმა მამაკაცებმა გაიტაცეს და გააუპატიურეს, შემდეგ კი დაემუქრნენ, რომ ჩივილის შემთხვევაში მას მოკლავდნენ, მიუხედავად ამისა რესიმ პოლიციას მიმართა, თუმცა სამართალდამცველების მხრიდან ფაქტს რეაგირება არ მოჰყვა.
„ის ცხოვრობდა მაშინ, როცა ქვეყანას მძლავრი მამაკაცები მართავდნენ, არავის სჯეროდა იმ ქალების, რომლებიც ბედავდნენ და მამაკაცებზე სიმართლეს ყვებოდნენ, მაგრამ ეს დრო წავიდა“,- განაცხადა უინფრიმ.
ასევე, მან იმ ქალბატონებზე ისაუბრა, რომლებსაც წლების განმავლობაში შეურაცხყოფის ატანა უწევდათ.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონებს, რომლებსაც წლების განმავლობაში დამცირებისა და შეურაცხყოფის ატანა მოუწიათ, რადგან მათ ისევე როგორც დედაჩემს, შვილების გამოკვება და გადასახადების გადახდა სჭირდებოდათ. ამ ადამიანების სახელებს ვერასდროს გავიგებთ. ისინი უბრალო დიასახლისები, მიმტანები, ინჟინრები, ექიმები და მეცნიერები არიან. ისინი ბიზნესისა და პოლიტიკის სამყაროს ნაწილნი არიან“,- განაცხადა ოპრა უინფრიმ.
მონოლოგის ბოლოს უინფრიმ მადლობა გადაუხადა ქალთა უფლებების დამცველებს და ყველა გოგონას ხვალინდელი დღის იმედით ცხოვრებისკენ მოუწოდა.
„მინდა ყველა გოგონამ იცოდეს, რომ ჰორიზონტზე ახალი დღეა. განთიადი მხოლოდ იმ ძლიერი ქალების მეშვეობით მოვა, ვინც ახლა ამ დარბაზშია და იმ მამაკაცების, რომლებიც ქალთა უფლებებისთვის იბრძვიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ არავინ თქვას სიტყვები „ მე ვარ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი“ “,- განაცხადა ტელეწამყვანმა.
კომენტარები