ან არ უნდათ ჩემი შვილის გადაყვანა გერმანიაში, ან თანხების გამო ხდება ეს ყველაფერი, რადგან 200 000 ევრო ჯდება მკურნალობა, – ამის შესახებ პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
მაჩალიკაშვილის თქმით, მას მას თბილისის კლინიკასთან პრეტენზიები არ აქვს, თუმცა, სურს მისი შვილი უკეთეს ადგილზე გადაიყვანოს.
“5 იანვარს ბერლინში მოხდა კლინიკის შერჩევა, გადაეგზავნათ ჩემი შვილის მონაცემები, თუმცა, მეორე დღეს მივიღეთ პასუხად უარი, გადატვირთულობის გამო. შემდეგ ავსტრიაში გადავაგზავნეთ საბუთები და იქიდანაც უარი მოგვივიდა პასუხად. დარჩა ერთ-ერთი კლინიკა თურქეთში, რომელიც არ განსხვავდება თბილისის კლინიკისგან. მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდი კლინიკაა, მაგრამ მე ვცდილობ ბავშვი უკეთეს ადგილზე გადავიყვანო. შემდეგ გერმანიაში დავურეკე ჩემს ერთ-ერთ ნაცნობს გერმანიაში და ვთხოვე გადაემოწმებინათ იმ კლკინიკაში ინფორმაცია, თუ რატომ თქვეს უარი, ან თქვეს თუ არა საერთოდ უარი. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ტყუილი.
მეც ველაპარაკე გერმანიის საავადმყოფოს წარმომადგენელს, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენ ინვოისი გადმოვაგზვნეთ და იმ დღიდან პაციენტს ველოდებითო. დღესაც მთხოვენ, რომ ერთი წუთიც არ დავკარგო და ჩემი შვილი სასწრაფოდ გადავიყვანო გერმანიაში. აღნიშნული ინფორმაცია დამიმალა თავიდან ჯანდაცვის სამინისტრომ, რადგან არიან ზეწოლის ქვეშ შს სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. მათ ან არ უნდათ ჩემი შვილის გადაყვანა გერმანიაში, ან თანხების გამო ხდება ეს ყველაფერი, რადგან 200 000 ევრო ჯდება მკურნალობა”,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
კომენტარები