რეინჯერებმა ბორჯომში შველი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”ავრცელებს.
მათი ცნობით, 5 იანვარს ბორჯომ-ხარაგაულის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეინჯერებმა ღობეში გაბმული შველი ნახეს. შველს ფეხი ჰქონდა მოტეხილი. რეინჯერებმა შველი გამოიხსნეს.
“დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორისა და „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ –GSPSA-ს თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ტრავმირებული შველი გადმოიყვანეს თბილისში. ვეტერინარულ კლინიკა “აიბოში” მას გაეწია პირველადი და გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურება. რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა წინა კიდურის მოტეხილობა სახსრთან. მოხდა მოტეხილობის ადგილზე თაბაშირის დადება. შველი გადაყვანილი იქნა თბილისის ზოოპარკში შემდგომი მოვლა-პატრონობის, დაკვირვებისა და მკურნალობის მიზნით. გამოჯანმრთელების შემთხვევაში შველი დაბრუნდება ნაკრძალში”- ნათქვამია GSPSA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები