“ევროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურება.
“რამდენიმე ფაქტი მინდა, აღვნიშნო მესამე პრეზიდენტის მსჯავრდებასთან დაკავშირებით:
1. შეწყალების საპრეზიდენტო პრეროგატივა ჩვენი კონსტიტუციით შეუზღუდავია და მართლმსაჯულების კონტროლს არ ექვემდებარება.
არაერთი შეწყალება გამხდარა პოლიტიკური განხილვის, კრიტიკისა და მორალურ ჭრილში შეფასების საგანი, მაგრამ სამართლებრივი დევნის პრეცედენტი შეწყალების გამო არ არსებობს.
ანუ შეწყალება შეიძლება იყოს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი, პოლიტიკურად გაუმართლებელი, მორალურად დასაგმობი და ა.შ., მაგრამ შეწყალებით პრეზიდენტი დანაშაულს ვერ ჩაიდენს.
2. პროკურატურა ამტკიცებს, რომ თითქოს პრეზიდენტისგან მსჯავრდებულებმა მიიღეს წინასწარი დაპირება შეწყალების თაობაზე.
გარდა იმისა, რომ არ არსებობს ამგვარი დაპირების პირდაპირი მოწმე და მხოლოდ ირიბი ჩვენებები აქვს ბრალდებას, ეს არგუმენტი უარყვეს თავად პროკურატურის მოწმეებმა, უშუალოდ შეწყალებულმა პირებმა.
მათ სასამართლო სხდომაზე ღიად განაცხადეს, რომ ეს ე.წ. დაპირება რამდენჯერმე არ შესრულდა, რაც შეწყალების დაპირების რეალურობას გამორიცხავს.
3. პრეზიდენტს ჰქონდა უფლება, შეეწყალებინა და პირდაპირ გაეთავისუფლებინა უშუალოდ გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები, მაგრამ შეწყალების აქტი შეეხო 100-ზე მეტ მსჯავრდებულს, რომელთაც სასჯელი გაუნახევრდათ. გათავისუფლების თაობაზე კი საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ.
პროკურატურის ლოგიკით, სასამართლომაც ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება, როცა შეწყალებული პირების გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მოსამართლეთა მიმართ დევნა არ დაწყებულა.
4. შეწყალების საქმე, თანდართული მტკიცებულებებით წულუკიანის იუსტიციის სამინისტრომ გააგზავნა ინტერპოლში და მოითხოვა სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადება.
გამამტყუნებელ განაჩენს ჭირდება მტკიცების ყველაზე მაღალი – გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა პირს დანაშაულის ჩადენაში.
ივანიშვილის პროკურატურის შეკერილმა საქმეებმა ვერ გადალახეს პირის ძებნილად გამოცხადებისთვის აუცილებელი – დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტიც კი. შედეგად, ინტერპოლმა ოფიციალური უარი უთხრა წულუკიანს სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნაზე, პოლიტიკური დევნის ნიშნების გამო.
იქ, სადაც ყოფილ პრეზიდენტს უკანონოდ ასამართლებენ, რიგითი მოქალაქე ყველაზე დაუცველია.
არ შეიძლება პოლიტიკური ანგარიშსწორების ინტერესს შეწირო კანონის უზენაესობის პრინციპი. ეს აზიანებს მთლიანად სახელმწიფოს, რომელიც ჩვენია, ყველასი, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად”- წერს კახიძე “ფეისბუქში”.
ცნობისთვის, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის საქმის ნაწილში დამნაშავედ ცნო. საქმე ეხება გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებას, რასაც სააკაშვილს გამოძიება ედავება. სააკაშვილს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა ამნისტიის შედეგად, სასჯელის რაოდენობა სამ წლამდე შემცირდა. სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის.
რამდენიმე ფაქტი მინდა აღვნიშნო მესამე პრეზიდენტის მსჯავრდებასთან დაკავშირებით:1. შეწყალების საპრეზიდენტო პრეროგატივა …
Posted by Oto Kakhidze on პარასკევი, 05 იანვარი, 2018
კომენტარები