პანკისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმი გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკოც დაესწრო. დავით სერგეენკოს განცხადებით, კუდევ ერთი კონსილიუმი უნდა გაიმართოს, სადაც საუბარი იქნება თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის სამომავლო გეგმებზე, ასევე იმაზე, იქნება თუ არა შესაძლებელი ახალგაზრდის სხვა ქვეყანაში ტრანსპორტირება.
„პაციენტის მკურნალობაში ჯანდაცვის სამინისტრო პირველივე წუთებიდან იყო ჩართული. კონსილიუმის საფუძველზე გადაწყდა თელავის კლინიკიდან თბილისში გადმოყვანა. ამის შემდეგ ჩვენი სრული პატრონაჟი მიდის. ასეთ შემთხვევებში სამინისტროს მოვალეობაა ჩართული იყოს, რადგან პოტენციურად, ასეთი სიმძიმის პაციენტის მართვა მოითხოვს სხვადასხვა უწყებებსა და სხვადასხვა ქვეყნებს შორის კოორდინაციას.
დღეს ჩატარდა მორიგი კონსილიუმი და კონსულტაცია მოწვეულმა სპეციალისტმა ჩაატარა. საკუთრივ ნეიროქირურგიული ჩარევის დროს რაც უნდა გაკეთებულიყო ცალსახად, გაკეთებულია, თუმცა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
შუადღეს კიდევ ერთი კონსილიუმი იქნება, რომელშიც რეანიმატოლოგები მიიღებენ მონაწილეობას და ვფიქრობ, დღის ბოლომდე საბოლოო გადაწყვეტილებაზე ვიქნებით ჩამოყალიბებული. საბოლოო გადაწყვეტილება გამოიხატება იმაში, რომ მკურნალობა გაგრძელდება ადგილზე, თუ პაციენტს გადავიყვანთ სხვა კლინიკაში ან სხვა ქვეყანაში”,-განაცხადა სერგეენკომ.
რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობას პაციენტის მკურნალობაში, დავით სერგეენკოს განცხადებით, მკურნალობა სამინისტროს პატრონაჟით ტარდება და დაფინანსებაც სახელმწიფოს სახსრებით ხდება.
კომენტარები