აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის და, დისშვილი და ძმისშვილი ზაქათალაში, დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. გარდაცვალება, სავარაუდოდ, გაზით მოწამვლას უკავშირდება.
ჟურნალისტის და – ნურანი ზეინალაბდინ ტაგიევის ქუჩაზე N2-ში სახლს ქირაობდა. მასთან ერთად გარდაცვლილია მისი მცირეწლოვანი შვილი და ძმის – რამაზანის ასევე მცირეწლოვანი გოგონა. Meydan TV-ის მომხდარის შესახებ აფგან მუხთარლის ძმამ ელშანმა აცნობა.
მისი თქმით, ბინაში ნურანის კიდევ ერთი ბავშვი იყო, რომელიც გადარჩა.
ელშანის განცხადებით, გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზისთვის გადაასვენეს.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საგამოძიებო იზოლატორში მყოფი მუხთარლიც. მან ადვოკატ ელჩინ სადიხოვს სთხოვა, გაზეთ „ბასტაინფოს“ რედაქტორს ეშუამდგომლა, რომ გარდაცვლილთა დაკრძალვის ცერემონიას დაასწრონ.
ამ დროისთვის პენიტენციური სამსახურის პასუხი უცნობია.
კომენტარები