თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების მიმართ და მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა გირაო 5000–5000 ათასი ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით. გირაოს გადახდის ვადად განისაზღვრა 20 დღე.
„აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო წარდგენილი ბრალის სიმძიმე და ხასიათი, ასაკი, პიროვნება, ის გარემოება, რომ ბრალდებულები არ არიან წარსულში ნასამართლევნი, მათი საქმიანობა, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა. ყოველივეს გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები და ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობებშიც მიღწეული იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები,“- ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 13 თებერვალს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
კომენტარები