საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე ობიექტურობის უმაღლესი ხარისხი იქნება. ამის შესახებ გახარიამ კულტურის სამინისტროში, მწერლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ძირითადი ამოცანა იყო, როგორ უნდა გავაღრმაოთ ნდობა ჩვენს შორის, რამეთუ სისტემის რეფორმირებაში საზოგადოების წარმომადგენლები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულნი. რა თქმა უნდა, აქ გაიჟღერა რატიანის ქეისმაც და, რა თქმა უნდა, ეს ქეისი საჭიროებს დეტალურ გამოძიებას, რომ ყველა მხარის შინაგანი რწმენა მაქსიმალურად მაღალი იყოს ამ საქმის ობიექტურობასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ჩვენი მხრიდან ობიექტურობის უმაღლესი ხარისხი იქნება. ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით, ეს იყო არასასიამოვნო მომენტი, თუმცა, ძირითადი კომპონენტი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების რეაგირებაზე. ეს არის სამწუხარო მომენტი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, როგორც ცნობილია, 23 დეკემბერს, საღამოს საათებში ზვიად რატიანი მარტო იმყოფებოდა თამარ მეფის გამზირზე, როდესაც ის სპეციალური საპოლიციო კონტროლის ფარგლებში შეაჩერა ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების რამდენიმე თანამშრომელმა.
“პოლიციელთა ირონიული კომენტარები ზვიად რატიანის ჩაცმულობის თაობაზე, კითხვები, იმყოფებოდა თუ არა ის ნასვამ მდგომარეობაში მისი გაღიზიანებისა და შეპასუხების და პოლიციელებთან არაეთიკური ქცევის მიზეზი გახდა, რის შემდეგაც ზვიად რატიანის განმარტებით, მას ხელებზე და ფეხებზე დაადეს ბორკილები და ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, სადაც მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ზვიად რატიანის დაკავების მიზეზად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია წვრილმანი ხულიგნობა – მისი მხრიდან თამარ მეფის გამზირზე უმისამართო ლანძღვა-გინება და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად.
ზვიად რატიანი დაკავების შემდგომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მასზე ძალადობის რამდენიმე ეპიზოდზე საუბრობს, მათ შორის: თამარ მეფის გამზირზე დაკავების შემდეგომ ავტომანქანაში, ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისას მტკვრის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე და დროებითი მოთავსების იზოლატორთან საათზე მეტი ხნის განმავლობაში ავტომანქანაში დაყოვნების პერიოდში”- ნათქვამია, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” ინფორმაციაში.
კომენტარები