თქვენი თითოეული შეგონება, თქვენი ქადაგების დროს, ჩვენს ერს კელაპტრად უნთია და თქვენ, თქვენი პირადი მაგალითით, ყოველთვის გვაძლევთ საფუძველს და მაგალითს, სათნოებისა და მიმტევებლობის, ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სვეტიცხოვლის ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მინდა სულითა და გულით მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. თქვენი პატრიარქობა სულიერების თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ღვთის მადლია, ხოლო საერთო თვალსაზრისით, არის ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა. უდიდესი მოწიწებით ვიხრი ქედს თქვენი ღვაწლის წინაშე, ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე და მინდა გისურვოთ დღეგრძელობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
თქვენი პატრიარქობის პერიოდში აღორძინდა, განახლდა, აშენდა უამრავი ტაძარი, აღდგა სამონასტრო ცხოვრება და ეს არის პირადად თქვენი უდიდესი დამსახურება. თქვენი თითოეული შეგონება, თქვენი ქადაგების დროს, ჩვენს ერს კელაპტრად უნთია და თქვენ, თქვენი პირადი მაგალითით, ყოველთვის გვაძლევთ საფუძველს და მაგალითს, სათნოებისა და მიმტევებლობის“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.
კომენტარები