სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, პროფესიული სპორტული შეჯიბრის მოსყიდვის ფაქტზე 5 პირის დაკავებასთან დაკავშრებით კალათბურთის ფედერაციაში განცხადება გაკეთდა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ცალსახად გმობს მომხდარ ფაქტს და მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან ახლაც და მომავალშიც, რათა დროულად და სრულყოფილად იყოს გამოძიებული აღნიშნული ფაქტი და მოხდეს ყველა ის პირის დასჯა, ვისაც კი შეხება ჰქონდა აღნიშნულ დანაშაულთან, რათა თავიდან იყოს აცილებული ყველა ის მცდელობა, რომელიც ჩრდილს აყენებს კალათბურთის სამყაროს.
ფედერაციის ინტერესებში ყოველთვის შედიოდა და ახლაც შედის იმგვარი ფაქტების გამოვლენა და აღმოფხვრა, რომლებიც სახელს უტეხს საქართველოს საკალათბურთო სამყაროს. მიმდინარე სეზონის დასაწყისში FIBA-ს რეკომენდაციით ჩამოყვანილიია მსაჯთა ეროვნული ინსტრუქტორი, რომლის ფუნქციაშიც შედის არა მარტო თამაშების ხარისხის მონიტორინგი, არამედ ახალგაზრდა მსაჯთა კონტინგენტის გაზრდა და მათი შემდგომი ინტეგრირება საქართველოს და საერთაშორისო ფედერაციების ეგიდით გამართულ მატჩებში.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობა, ფედერაციის წესდებისა და ზოგადად სპორტულ სამყაროში არსებული მორალური და ეთიკური პრინციპებიდან გამომდინარე, არ დაეთანხმება და არ შეეგუება საკალათბურთო სამყაროში არაეთიკურ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, მით უმეტეს, რომ სპორტის ეს სახეობა ყოველთვის გამოირჩეოდა საერთაშორისო სპორტული სამყაროს მიერ აღიარებული სამართლიანი თამაშის პრინციპების ერთგულებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობა კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებას სამართალდამცველი ორგანოების მიმართ ქართული საკალათბურთო სამყაროსთვის მიუღებელი ქმედებების გამოვლენისა და აღმოფხვრისთვის“,-ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი – თემურ დათიკაშვილი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა,რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების- ზაზა მაჩალაძის, ირაკლი და დავით ბერიშვილების დახმარებით, თანხის სანაცვლოდ ახდენდნენ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სხვადასხვა მატჩებში სასურველი შედეგის დაფიქსირებას. ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა თითოეულ ე.წ. „ჩაწყობილ“ მატჩზე მოქალაქეს მოსთხოვეს 12000 ლარის გადახდა, საიდანაც 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარში მსაჯებისთვის იყო განკუთვნილი.
2017 წლის 15 და 16 დეკემბერს გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი შეხვედრა, რომლებიც დასრულდა წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით, რის შემდეგაც თემურ დათიკაშვილი, ვაჟა კვარაცხელია, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი და ირაკლი ბერიშვილი დაეუფლნენ მოთხოვნილ თანხას, საერთო ჯამში 36000 ლარს.
გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 4 დან 6 წლამდე ვადით.
გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
კომენტარები