მთაწმინდის პარკში ატრაქციონის რეკონსტრუქციას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც გარდაცვლილთან ერთად ე.წ. ეშმაკის ბორბლის სარეკონსტრუქციო სამუშაოებში მონაწილეობდა.
დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მთაწმინდის პარკის გენერალური დირექტორის გელა დიღმელაშვილის განცხადებით, მთაწმინდის პარკში სამუშაოებს კერძო კომპანია „კანო“ ატარებს. მისივე თქმით, მათთვის ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი.
„მიმდინარეობდა გიგანტური ბორბლის დემონტაჟი პროფილაქტიკის მიზნით, ხელშეკრულების მიხედვით, ამ საქმიანობით დაკავებული იყო კომპანია „კანო“. გუშინ უბედური შემთხვევის გამო დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთია ადამიანი. ამჟამად მიმდინარეობს ძიება, რაც დაადგენს უბედური შემთხვევი მიზეზებს“,-განაცხადა დიღმელაშვილმა.
როგორც news.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები