20 დეკემბერს რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები (ФСБ, СВР, ФСО) ტრადიციულად აღნიშნავენ პროფესიულ დღესასწაულს – რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების დღეს.
წელს, ისინი საუკუნოვან იუბილეს აღნიშნავენ – 1917 წლის 20 დეკემბერს ლენინის ინიციატივით გამოიცა დეკრეტი სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის შექმნის შესახებ (ВЧК), რომლის საფუძველზე შეიქმნა КГБ და ФСБ.
ФСБ ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ბორტნიკოვმა rg.ru ვრცელი ინტერვიუ მისცა, გთავაზობთ ამონარიდს:
ბორტნიკოვმა აღნიშნა – არ გრძნობს უხერხულობას იმის გამო, რომ ФСБ-ს თანამშრომლებს ხშირად ჩეკისტებს უწოდებენ. ხოლო კითხვაზე, ნუთუ თავად ჩეკისტებს 1930-იან წლებში არ ესმოდათ, რომ უდანაშაულო მოქალაქეების მასობრივ რეპრესიებში იღებდნენ მონაწილეობას, ბორტნიკოვმა აღნიშნა:
“მიუხედავად იმისა, რომ ჩეკისტებს შორის იყვნენ მიტმასნილები და მათი პრინციპი იყო “მიზანი ამართლებს საშუალებას”, ამავდროულად იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც უანგარო იდეური მოტივები ამოძრავებდათ. ისინი ხშირად თავად ხდებოდნენ რეპრესიების მსხვერპლნი, თუმცა არ კარგავდნენ პარტიისა და პირადად სტალინის მიმართ რწმენას”.
მან აღნიშნა, რომ 1933-1939 წლებში 22 618 ჩეკისტი იყო რეპრესირებული.
მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობისათვის ეს პერიოდი მასობრივ გაყალბებასთან ასოცირდება, ბორტნიკოვმა აღნიშნა, რომ “საარქივო მასალები მოწმობს, რომ სისხლის სამართლის უამრავი საქმე ობიექტური იყო.
მაგალითისათვის ბორტნიკოვმა გაიხსენა ტროცკისა და მისი მომხრეების მიერ სტალინის გადაყენების, მეტიც მისი და მისი მომხრეების ლიკვიდაციის მცდელობა.
როგორც ბორტნიკოვმა აღნიშნა, ეს არ იყო მოგონილი ამბავი, ისევე როგორც მათი კავშირები უცხოეთის სპეცსამსახურებთან.
“იმ პერიოდის საქმეების ფიგურანტების უმეტესობა, კორუფციასა და ჩინოვნიკურ ავტოკრატიაში ჩაფლული პარტიული ნომენკლატურისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იყვნენ”, აცხადებს ბორტნიკოვი.
დღეს, კი რუსეთის უშიშროების სამსახურს, რომელიც საზოგადოებასთან ერთად იცვლება, სულ სხვა მეთოდები გააჩნია, აღნიშნა ФСБ ხელმძღვანელმა .
წყარო: rg.ru
კომენტარები