მიმდინარე კვირაში პარლამენტი რიგგარეშე სესიის ფორმატში იმუშავებს. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ხვალ საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნება მიმართვა რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„როგორც ვიცით, რიგგარეშე სესიაზე ვმუშაობთ წინასწარ დამტკიცებული დღის წესრიგით. თხოვნა გვექნება, რომ რიგგარეშე სესია გაგრძელდეს 21 დეკემბრის 12 საათიდან დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვამდე. ამიტომ შესაძლებელია, მუშაობა გაგრძელდეს შაბათს და კვირას”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
კომიტეტები, საპარლამენტო ფრაქციები, უმცირესობა და უმრავლესობა მიმდინარე კვირის ოთხშაბათს წინასწარ დამტკიცებული გრაფიკით განიხილავენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობის სამთავრობო პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა”.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, პლენარულ სხდომაზე განიხილავენ ასევე, იმ კანონპროექტებს, რომელთა განხილვას ინიციატორები დაჩქარებული წესით, დასაბუთებულად ითხოვენ.
კომენტარები