„დღეს მე აქ ვიმყოფები როგორც დედაქალაქის მერი და ჩემს გუნდთან ერთად წარმოვადგენ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტს. თუმცა, მანამდე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ კარგად ვიცით ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს აქტუალურია ქალაქისთვის, რომელიც აწუხებს თბილისს, თბილისელებს. რა თქმა უნდა ეს პრობლემები გვაწუხებს ჩვენც“,-ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ საკრებულოში თბილისის ბიუჯეტის განხილვის დროს განაცხადა.
„მხედველობაში მაქვს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, საცობები, მოუწესრიგებელი პარკინგი, უსახური და ხშირად კანონდარღვევით მიმდინარე ქაოტური მშენებლობები, სოციალური პრობლემები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ცხოველთა დაცვის კუთხით არსებული პრობლემები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
თითოეული ჩვენგანი არის მოტივირებული იმ უდიდესი პასუხსიმგებლობით ქვეყნის დედაქალაქის წინაშე, რომელიც არა მარტო ჩვენმა ამომრჩეველმა დაგვაკისრა, არამედ შინაგანი ვალდებულება, მორალი და თბილისის, ამ ქვეყნის სიყვარული გვკარნახობს.
რასაკვირველია, არსებული პრობლემების ფონზე კარგად გვაქვს თითოეულ ჩვენგანს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, და პირადად მეც კარგად მაქვს გაცნობიერებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა იყო დედაქალაქის მერი.
ჩვენ მთელი წინასააარჩევნო და მანამდეც-მოსამზადებელი პერიოდი, დეტალურად ვსწავლობდით თბილისის მტკივნეულ საკითხებს, პროფესიონალებთან ერთად გავდიოდით მთელ რიგ თემებს და ყველაფერზე გვაქვს დამუშავებული, გათვლილი ხედვები. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ რევოლუციური გარდასახვები შევიტანოთ ქალაქის განვითარებაში და წინსვლაში.
პროფესიონალების ჩართულობით შევიმუშავეთ ჩვენი ქალაქის განვითარების ახლი გეგმა, რომელიც წარმოვადგინეთ საარჩევნო პროგრამის სახით და დედაქალაქის მცხოვრებლებმა, თბილისელებმა მაღალი ნდობა გამოუცხადეს ჩვენს საარჩევნო პროგრამას.
ეს არის ის პროგრამა, რომელიც თბილისს ნამდვილად აქცევს სიცოცხლით სავსე ქალაქად და ჩვენ მერიაში შესვლის პირველივე დღიდან აქტიურად დავიწყეთ ამ პროგრამის აღსრულება.
თბილისელების მხარდაჭერილ პრიორიტეტებზე დაყრდნობით ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა ახალი ბიუჯეტი. დღეს ჩვენ გთავაზობთ ბიუჯეტს, რომელიც არა ჩემს, ჩემი თანაგუნდელების, ან რომელიმე კონკრეტული ჯგუფის სურვილებზეა აგებული, არამედ ორიენტირებულია თბილისის განვითარებაზე და წინსვლაზე.
არსებულ მოცემულობაში ბიუჯეტის პარამეტრები ოპტიმალურად იქნა გადანაწილებული. მე დარწმუნებული ვარ, ვისაც თბილისისთვის სიკეთე სურს, ის მხარს დაუჭერს ამ ბიუჯეტს. მხარს დაუჭერს არა იმიტომ, რომ ამ ბიუჯეტს წარმოადგენს კახა კალაძე, ან რომელიმე კონკრეტული პირი, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს ქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ მე და ჩემი გუნდი ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პირთან, რომელსაც ქალაქის პრობლემები აწუხებს – ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს არც პარტიული კუთვნილების და არც პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, როგორც ეს ხდებოდა წარსულში წლების განმავლობაში.
მართლაც გვაქვს ამბიცია, რომ თითქმის სამი ათული წლის მანძლზე გამჯდარი დაშორიშორების, მიკერძოების და გახლეჩილობის მახინჯი პოლიტიკური ტენდენციები ძირფესვიანად აღმოიფხვრას“,-განაცხადა კალაძემ.
კომენტარები