აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების ადგილი კიდევ ერთხელ მოინახულა და სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ექსპერტის შეფასებას ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ოფიციალური დასკვნა მომავალ კვირას გახდება ცნობილი, თუმცა წინასწარი მონაცემებით, არსებული სახლის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, დასკვნის საფუძველზე არსებული შენობა დასაშლელია, ახალაშენებულ სახლში ყველა დაზარალებული მიიღებს ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს.
„ჩვენ ვმუშაობთ ქალაქის მერიასთან ერთად და დროულად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მოხდეს დაზიანებული შენობის დემონტაჟი და აშენდეს ახალი კორპუსი. მალე გვექნება პასუხი იმის შესახებ თუ როგორც განხორციელდება მშენებლობა – მერის თანადაფინანსებით, თუ მთლიანად ინვესტორის დახმარებით. მთავარი ამოსავალი ჩვენთვის არის მოსახლეობის უსაფრთხოება, რომელიც დაცული იქნება ნებისმიერ შემთხვევაში ” – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
10 დეკემბერს აფეთქების დროს დაზარალებული 9 ოჯახი დროებითი საცხოვრებელი ფართებით ბათუმის მერიამ იმავე დღეს დააკმაყოფილა. “ბათუმის მერია გეგმავს, ასევე აღწერის შედეგად დადგენილი ზარალის სრულად ანაზღაურებას”- აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.
კომენტარები