4 დეკემბერს, თბილისის პროკურატურამ თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტის დაფარვისთვის ხუთი პირი – თ.კ., მ.კ., ლ.კ., გ.შ. და ზ.წ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა დაფარეს არასრულწლოვანი გ.ჯ-ს მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული – განზრახ მკვლელობა ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
“ისინი აქტიური ქმედებებით შეეცადნენ დანაშაულის კვალის დაფარვას, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების გადამალვას და განადგურებას, ასევე ხელი შეუწყეს არასრულწლოვანი გ.ჯ-ს მიმალვას.
აღნიშნულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლით (დანაშაულის დაფარვა) წარედგინათ.
ბრალდებულთაგან 3 პირი დაკავებულია, ხოლო 2 პირის მიმართ ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რის გამოც მათი დაკავება არ მოხდა. კერძოდ, ერთი მათგანი არის 17 წლის და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის კანონი არ ითვალისწინებს მის დაკავებას, ხოლო მეორე პირი არის 21 წლამდე, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, ასევე გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია მისი მამა” – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ბრალდებულ პირთა პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულების გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა კანონით შეზღუდულია მოახდინოს მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გავრცელება.
შეგახსენებთ, 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, მეორე არასრულწლოვანი გამოძიებას ჩაბარდა. გამოძიების ამ ეტაპისთვის, სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოვლენილი და დაკავებული ჰყავს მკვლელობის 2 ძირითადი ფიგურანტი. ასევე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემული დანაშაულში მონაწილე სხვა პირები. საქმეში ჩართული დანარჩენი პირების სტატუსის განსაზღვრა/გადაკვალიფიცირებისთვის გამოძიება გრძელდება.
1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც დაიღუპა.
კომენტარები