მინდა, მივუსამძიმრო მთელს საზოგადოებას, ასეთი ტრაგედიის დროს ყველა ვართ შეძრწუნებული და შეშინებული, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარ დაპირისპირებას.
განცხადება პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
“როგორც საზოგადოება, სამწუხაროდ, ძალიან აგრესიული და ძალადობრივი აღმოვჩნდით. ეს არ გამოიხატება მარტო ამ ტრაგიკულ მოვლენაში. გუშინ იყო დღე, როდესაც მე მივედი და ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მქონდა ურთიერთობა, საღამოს უკვე იყო ძალადობა ქალზე. დღე არ გავა, რომ არ იყოს ასეთი აგრესიის გამოვლენა. თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს იმის თაობაზე, თუ რა საზოგადოებაში ვცხოვრობთ და რას ვაძლევთ ერთმანეთს. ამ ტრაგედიამ ცოტა უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ ვინ ვართ და რა საზოგადოებაში გვინდა ვიცხოვროთ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
კომენტარები