დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისში გამართულ ე.წ. პირბადეების აქციას კრეატიულს უწოდებს და აცხადებს, რომ მერიაში შესული პირველადი ინფორმაციის გათვალისწინებით, ვიცემერის რეაქცია ნორმალური იყო.
ამის შესახებ კახა კალაძემ სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ გახსნის შემდეგ, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კალაძის კომენტარს თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
„გუშინდელი აქცია ძალიან კრეატიული იყო, თუმცა პირველადი ინფორმაცია, რაც მერიაში შემოვიდა, იყო ის, რომ თითქოს, ძეგლები დაზიანებული იყო, საღებავი გადასხმული და ა.შ. ამის გათვალისწინებით, ვიცემერის პირველადი რეაქცია ნორმალური იყო. მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვა, ვფიქრობ, რომ აქცია საინტერესო და კრეატიული იყო. სხვათაშორის, ირაკლი ხმალაძე მეორე დღეა პირბადით დადის მერიაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ზოგადად ეკოლოგიას, თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით, ქალაქში პრობლემები არსებობს, თუმცა ის პროექტები, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, ქალაქში არსებულ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
ცნობისთვის, თბილისელებს გუშინ დილას, ძეგლები პირბადეებით შენიღბული დახვდათ. . სოციალური კამპანიის ავტორები ქალაქში სუფთა ჰაერს მოითხოვენ. რაც შეეხება თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის კომენტარს, მისი თქმით, მოქალაქეებს საკუთარი პროტესტის გამოხატვა უფრო ცივილური გზით შეეძლოთ და არა ძეგლების შეურაცხყოფით.
კომენტარები