გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერთება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და კომიტეტის წევრებმა კენჭი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას სწორედ ამ დათქმით დაუჭირეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე 112 კანონპროექტი საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ წარადგინა.
„ჩვენ ყველანი მივესალმებით ოპტიმიზაციის საკითხს და ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო პაკეტი იქნა წარმოდგენილი, რომელიც ნამდვილად წაადგება ქვეყნის გაერთიანებას. ერთადერთი, რაზეც ჩვენ კითხვები გაგვაჩნია, ეს არის გარემოს დაცვის სამინისტროსთან სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანება. ასევე ვთვლი, რომ კარგად დასაფიქრებელია წიაღების მიერთება ეკონომიკის სამინისტროსთანაც“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თამჯდომარემ კახაბერ კუჭავამ.
დეპუტატ გიორგი გაჩეჩილაძეს ამ ორი სამინისტროს გაერთიანება დაუშვებლად მიაჩნია, რადგან მათ ურთიერთსაპირისპირო მიმართულებები გააჩნიათ.
„გამომდინარე იქედან, რომ გარემოს დაცვის დღევანდელი სამინისტრო ისედაც განიცდის ბიუჯეტის ნაკლებობას და შტატების სიმცირეს. მით უფრო, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კანონის მიღების შემდეგ, გაფართოვდა იმ საქმიანობის ნუსხა, რომელიც ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. პრობლემებს ვერ აუდის გარემოს დაცვის სამსახური, ამ პირობებში, ვერავითარი არგუმენტი ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, როგორც პასუხი არ გამოდგება“, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე დაგეგმილ ცვლილებებში ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეებს ხედავს და მიაჩნია, რომ როცა მომხმარებელი და მარეგულირებელი ერთ უწყებაშია, აქ პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტია. კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება ასევე გაამახვილა ოპტიმიზაციის შემთხვევაში მოსალოდნელ საბიუჯეტო პერსპექტივაზე.
„ოპტიმიზაციის მთავარი მიზანი არის, რომ მოხდეს რესურსების ოპტიმიზაცია და ამ კუთხით რას ველოდებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ, კომიტეტმა ჯერ კიდევ მაისიდან დავიწყეთ მუშაობა, წარმოვადგინეთ დასკვნა და ვთქვით, რომ საჭიროა გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდა, არის თუ არა ციფრები, რომ ვიცოდეთ რა სახის დანახარჯზე იქნება გაერთიანება ამ კონკრეტულ შემთხვევაში“, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ. კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა კონკრეტული მონაცემებით, რომელიც შესაბამისი ანალიზის საფუძველზე უნდა არსებობდეს ფინანსური და სტრუქტურული ეფექტიანობის კუთხით.
„ისეთი ჩანაწერი, სადაც წერია, რომ ბიუჯეტი მოიკლებს, პროექტში არ არის“, – განაცხადა საპასუხოდ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა. ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ გაუგებარია ინტერესთა კონფლიქტი კოლეგიურ ორგანოში, მით უფრო, რომ წარმოდგენილ კანონპროექტში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც არსებულთან შედარებით ასუსტებს გარემოს დაცვის კომპონენტს.
კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმაც გამოხატეს.
კახაბერ კუჭავამ კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით, გაეროს „გარემოს დაცვის პროგრამის“ აღმასრულებელი დირექტორის, აქიმ შტაინერის პოზიციაც გაახმოვანა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე, რომელიც მისი ინიციატივით საქართველოს მუდმივმოქმედ წარმომადგენელთან კახაბერ იმნაძესთან დაიგეგმა, აქიმ შტაინერი დაინტერესდა, ხომ არ გამოიწვევს გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაერთიანება ქვეყანაში გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაქვეითებას. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა გაეროს „გარემოს დაცვის პროგრამის“ მხრიდან“, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.
„მე მხარს ვუჭერ შემოთავაზებულ სტრუქტურულ ცვლილებებს და ვთვლი, რომ ნამდვილად დროული და მიზანშეწონილი იყო, მაგრამ ნამდვილად არ მიმაჩნია სწორად, რომ გარემოს დაცვის სამინისტროსთან მიმართებაში ნაჩქარევად გადავდგათ ნაბიჯები და სანამ არ მოვისმენთ უფრო დეტალურ არგუმენტაციას, ბიუროკრატიული ხარჯების, რესურსის თუ სტრუქტურული გადაადგილებების შესახებ მე, პირადად, ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.
კომენტარები