“ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერი, ნიკა მელია გადაცემა „რეაქციის“ ეთერში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის თემაზე საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა.
„ქვეყანაში არათუ მყიფეა უსაფრთხოების სისტემა, არამედ თავიდან ბოლომდე არის ჩამოშლილი და სულ რამდენიმე წუთის წინ „ქართული ოცნების“ ერთერთმა ლიდერმა ეს დაადასტურა. ქალბატონმა ბესელიამ ახლა, თქვენს ეთერში ბრძანა, რომ ქვეყანაში არსებობს საზღვრების მიღმა სხვადასხვა საშუალებები შემოღწევისა. ამ გუნდის ერთერთი ლიდერი როდესაც ამას ასე ღიად, საჯაროდ, მოურიდებლად, პირდაპირ ეთერში აცხადებს, რასთან გვაქვს საქმე, მე მგონი ყველანი ვხდებით ამ ქვეყანაში.
ეს არის წარმოუდგენელი განცხადება, რომელიც ქალბატონმა ბესელიამ გააკეთა. მანამდე, თუ ცდილობდნენ, რომ რაღაცნაირად დაემალათ საკუთარი უსუსურობა, რაზეც ჩვენ წლების განმავლობაში ვაპელირებდით და ვამხელდით, რომ ისინი არიან წარმოუდგენლად არაკომპეტენტურები ყველა დონეზე, ეს ყველაფერი ბესელიამ ერთ წინადადებაში დაადასტურა“- განაცხადა ნიკა მელიამ.
ეკა ბესელიამ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა , რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე ტერორისტები საქართველოში საზღვრის გავლით არ შემოსულან.
„სხვადასხვა პარამეტრით, ჩვენ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ვითვლებით. არცერთი ეს ადამიანი საზღვრის გავლით არ შემოსულა, საზღვარი, რა თქმა უნდა, კონტროლდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვადასხვა გზით არ არის შესაძლებელი, ვინმემ შემოაღწიოს“-განაცხადა ბესელიამ.
კომენტარები