სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, საქმეზე დადგინდა ევროკონვენციის მე-18 და მე-5 მუხლების დარღვევა. ასევე, სასამართლოს განცხადებაში წერია, რომ სასამართლომ ვერ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მის პოლიტიკიდან ჩამოშორებას ემსახურებოდა. თუმცა, მერაბიშვილის ბრალდება მისი საპყრობილიდან გვიან ღამით გაყვანაზე – დადასტურდა.
საქმე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ ეხებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ივანე მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, რომ ამ სამართლებრივ ზომის უკან ფარული მიზეზები იმალებოდა. მერაბიშვილი აცხადებს, რომ მისი დაკავება და წინასწარი პატიმრობა მის პოლიტიკურ სცენიდან მოშორებას ემსახურებოდა. მისივე თქმით, პროკურორმა საპყრობილიდან გვიან ღამით გაყვანით, ეცადა გამოეყენებინა პატიმრობა, როგორც სავაჭრო საგანი, რათა მას ინფორმაცია მიეწოდებინა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ და პრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის დღევანდელი გადაწყვეტილებით: ერთხმად დადგინდა, რომ მერაბიშვილის დაკავებისა და წინასწარი პატიმრობის საქმეში მეხუთე მუხლის პირველი ნაწილით დარღვევას (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება) ადგილი არ ჰქონია. ასევე, მისი თავდაპირველი დაკავების დროს ადგილი არ ჰქონია კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე ნაწილის დარღვევას. რაც შეეხება მის წინაწარ პატიმრობაში ყოფნას 2013 წლის 25 სექტემბრიდან, დადგინდა კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე ნაწილის დარღვევა (დაკავებულის უფლება სასამართლოზე გონივრულ ვადებში). ასევე, 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ დადგინდა კონვენციის მეთვრამეტე მუხლის დარღვევა (უფლებებზე შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) კონვენციის მეხუთი მუხლის პირველ ნაწილთან კავშირში.
სასამართლომ ვერ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მის პოლიტიკიდან ჩამოშორებას ემსახურებოდა. თუმცა, მერაბიშვილის ბრალდება მისი საპყრობილიდან გვიან ღამით გაყვანაზე სასამართლომ დაადასტურა.
სასამართლოს დადგენილებით, მერაბიშვილის თავისუფლების უფლების შეზღუდვის მიზეზები დროთა განმავლობაში იცვლებოდა. თავდაპირველად ამის მიზეზი შესაძლო დანაშაულის გამოძიება იყო, რომელიც გონივრულ ეჭვს ეფუძნებოდა. მოგვიანებით, მთავარი მიზეზი გახდა სააკაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ასევე, ჟვანიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. შესაბამისად, ეს იყო ფარული მიზეზები, რომელსაც კონვენცია არ ითვალისწინებს.
კომენტარები