“ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ შევძელით იმ 9 მოსამართლის დარწმუნება, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ გაყვანის ფაქტს ადგილი ჰქონდა“,- ასე ეხმაურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.
„რას ვიზამთ, სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს. თუმცა, ეს არანაირად არ ეხება პატიმრობის კანონიერებას, მით უმეტეს, გათავისუფლების რაიმე საფუძველს არ ქმნის.
პოლიტპატიმრობას რაც შეეხება, დიდმა პალატამ მკაფიოდ თქვა- ჩახედეთ 339-ე პუნქტს გადაწყვეტილების, სადაც მკაფიოდ ამბობს, რომ არანაირი პოლიტიკური მოტივი მის პატიმრობაში არ იკვეთება“- განაცხადა სუბარმა.
ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, საქმეზე დადგინდა ევროკონვენციის მე-18 და მე-5 მუხლების დარღვევა. ასევე, სასამართლოს განცხადებაში წერია, რომ სასამართლომ ვერ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მის პოლიტიკიდან ჩამოშორებას ემსახურებოდა. თუმცა, მერაბიშვილის ბრალდება მისი საპყრობილიდან გვიან ღამით გაყვანაზე – დადასტურდა.
კომენტარები